ვახუშტი მენაბდე საკუთარ ფეისბუკ გვერდზე თამარ ჩერგოლეიშვილის პოსტს გამოეხმაურა, სადაც ჩერგოლეიშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას ("ცვლილებებს ოცნება რადიკალურ ოპოზიციასთან შეთანხმების გარეშეც განახორციელებს") აზიარებს და ვახუშტი მენაბდეს ახსენებს.
"ყველა ვინც მათ დღის წესრიგს პირდაპირ არ იზიარებს და მათ შანტაჟს არ ექვემდებარება, ავტომატურად მეორე მხარის მოკავშირედ უნდათ გამოაცხადონ. ბოლო პერიოდში თამარა ჩერგოლეიშვილის ვოლზე რამდენჯერმე გამოქვეყნდა ახლა რასაც ხედავთ დაახლოებით ამ შინაარსის პოსტი. განსაკუთრებით მას შემდეგ გააქტიურდა, რაც მიმართვა გამოვაქვეყნეთ, რომლის ადრესატიც პარტიები არიან. ამ დოკუმენტში საუბარია ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის ძალაუფლების გაზიარებაზე. მაგალითად იმაზე, რომ იუსტიციის საბჭოს წევრები და უზენაესის მოსამართლეები დაინიშნონ ორმხრივი (ოპოზიციის და ხელისუფლების) მხარდაჭერით. მთავარი აქ ის არ არის, რომ ჩემზე წერს, მთავარი სხვა რამეა - ქართულ პოლიტიკურ ელიტას და მის მხარდამჭერებს არ მოსწონთ არცერთი ინიციატივა, რომელიც ყოვლისშემძლე უმრავლესობას შეუყენებს წყალს, რადგან ადრე თუ გვიან ყველას ასეთ უმრავლესობად წარმოუდგენია თავი და ბევრი მათგანი ასეთია, ან ასეთი ყოფილა კიდეც.
რეალობა კი ის არის, რომ ბევრ თანამოაზრესთან ერთად ყოველთვის კრიტიკულად ვიყავი განწყობილი სასამართლო რეფორმის ტალღების მიმართ, რადგან ისინი მეტწილად ტექნოკრატიულ გამოსავლებს გვთავაზობდნენ (მიმართვაში რაც გვიწერია ის არსებითად უპირისპირდება ტალღებს და პოლიტიკური ძალაუფლების გადანაწილების ლოგიკიდან ცდილობს მის მოგვარებას). ამის გამო ყოველთვის მძიმე დისკუსიები მქონდა სხვა ორგანიზაციებთან და სპეციალისტებთან, რომელთა ერთი ნაწილი ახლა სხვათაშორის თამარას ახლომახლო პოზიციონერებს და მათთან უფრო საინტერესო არ იქნება ეს განხილვა? " - წერს ვახუშტი მენაბდე ფეისბუკზე.

მთავარი ფოტო: bm.ge