ასეთმა ნაგებობებმა შესაძლოა ნებისმიერი ჩვენგანის ყურადღება მიიქციოს და მოვიხიბლოთ კიდეც მისი განსხვავებული და უცხო არქიტექტურით. თუმცა, ეს ერთი შეხედვით მშვენიერი ნაგებობები, რომელიც ლამაზ დასახლებას ან სოფელს ჰგავს, სინამდვილეში სასაფლაოა ტაიბეიში, ტაივანის დედაქალაქში.
ბევრ დასავლურ ქვეყანაში სახელმწიფო სასაფლაოები პარკის სისტემის ნაწილად მიიჩნევა. ისინი არის არა მხოლოდ ადგილი, სადაც მიცვალებულებს მარხავენ, არამედ ბევრი მათგანი ტურისტულ ღირშესანიშნაობადაც ითვლება, მაგალითად, ,,არლინგტონის ეროვნული სასაფლაო" და ,,ნიუ ორლეანის ეროვნული სასაფლაო" აშშ-ში, ,,ვუდლენდის სასაფლაო" შვედეთში, ,,მონტპარნასის სასაფლაო" პარიზში.
ტაივანში ადამიანები დიდ პატივს სცემენ წინაპრებს. საფლავების დასუფთავების ტრადიცია ძალიან პოპულარულია და ამისთვის წელიწადში ერთი კალენდარული დღეც კი აქვთ გამოყოფილი. 1976 წლიდან 1985 წლამდე ტაივანის მთავრობა ინტენსიურად ახორციელებდა საჯარო სასაფლაოების გალამაზების და კეთილმოწყობის პროექტებს ტრადიციული, ერთფეროვანი სასაფლაოს იმიჯის შესაცვლელად. ამის ერთ-ერთი მიზეზი ქაოტურად განლაგებული საფლავების ორგანიზებულად განლაგება და ტერიტორიების განტვირთვა იყო. გარდა ამისა, იყო მოლოდინი, რომ აღნიშნული პროექტის შედეგად სასაფლაოების მიმდებარე მიწების ფასი გაიზრდებოდა, ხოლო კეთილმოწყობილი სასაფლაოების ფუნქცია მრავალფეროვანი გახდებოდა. 1976 წლიდან პროექტი ტაივანის თითქმის ყველა ქალაქში განხორციელდა და ბევრ ქალაქში წარმატებული აღმოჩნდა. ცვლილების შედეგად სასაფლაოებმა უცნაური, მაგრამ განსხვავებული იერსახე შეიძინა.