ფინეთში მოსწავლეების ბედნიერების ხარისხი და განათლების ხარისხი ერთნაირად მაღალია - რა არის ის, რაც ფინეთის სკოლებს მსოფლიოს სხვა სკოლებისგან გამოარჩევს
ფინური განათლების მოდელი მსოფლიოში საუკეთესოდ მიიჩნევა. ბევრისთვის საინტერესოა, რა გამოარჩევს ფინურ სკოლას სხვა სკოლებისგან და რატომ არის ფინეთში ბავშვების ბედნიერების ხარისხი ბევრად მაღალი, ვიდრე სხვა ქვეყნებში. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ფინეთი მიიჩნევა ასევე ყველაზე ბედნიერ ქვეყანად მსოფლიოში. ამის ერთ-ერთი მიზეზი განათლებას უკავშირდება. ფინეთის სკოლებში აქცენტი მთავარ ღირებულებებზე კეთდება, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვებს ამზადებენ ცხოვრებისთვის და არა გამოცდებისთვის. ფინური განათლების მეთოდი ითვალისწინებს ცოდნის პრაქტიკულად გამოყენების უნარების განვითარებას.
ფინეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც მოსწავლეების ცოდნის დონე და კმაყოფილების დონე ერთნაირად მაღალია. ამის მიზეზი ის არის, რომ ფინელ მოსწავლეებს სასკოლო ცხოვრებასა და თავისუფალ დროს შორის ჯანსაღი ბალანსი აქვთ, რაც მათ საშუალებას აძლევს მეტად ჩაერთონ სხვადასხვა კლასგარეშე აქტივობებში. ეს ბალანსი გრძელდება სკოლის დამთავრების შემდეგაც, სამუშაოსა და ცხოვრების ჯანსაღი ბალანსით.
ფინეთის განათლების სისტემის წარმატება სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარეობს. არ არსებობს მოკლე პასუხი იმაზე, თუ რატომ არის ფინეთის განათლების სისტემა ასეთი წარმატებული. ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზები უზრუნველყოფს ფინეთის საგანმანათლებლო სისტემის წარმატებულობას:
1. ფინეთში ბავშვები უფრო გვიან შედიან სკოლაში, ვიდრე ბევრ სხვა ქვეყანაში. ისინი სკოლას 7 წლის ასაკში იწყებენ და თვლიან, რომ ბავშვები სწავლის დასაწყებად ბუნებრივად მზად არიან სწორედ 7 წლის ასაკში და უფრო ადრე სწავლის დაწყებას მეცნიერულად დადასტურებული გრძელვადიანი უპირატესობა არ აქვს. 7 წლამდე ფინეთის სკოლის მოსწავლეებს შეუძლიათ დაესწრონ საბავშვო ბაღში, მაგრამ იქ ისინი არ იღებენ ფორმალურ განათლებას, სამაგიეროდ, ყურადღებას ამახვილებენ შემოქმედებით თამაშებზე.
2. სკოლაში სავალდებულო სწავლა მხოლოდ 9 წელია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლეებს შეუძლიათ სკოლა 16 წლის ასაკში დატოვონ. 16 წლის შემდეგ სწავლის გაგრძელება ნებაყოფლობითია, შეუძლიათ დაასრულონ საშუალო სკოლა ან აირჩიონ კოლეჯი ან პროფესიული კურსები.
3. ფინეთს არ აქვს სტანდარტიზებული გამოცდები, მათ მხოლოდ 16 წლის ასაკში უწევთ გამოცდის ჩაბარება. ფინეთში ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმა ყველა მასწავლებელს საშუალებას აძლებს ინდივიდუალური გეგმით იმოქმედოს და შეფასების საკუთარი სისტემა ჰქონდეს.
4. ფინურ სკოლებში ყველაზე ხანგრძლივი დასვენებებია - 45 წუთიან გაკვეთილებს შორის მოსწავლეები 15 წუთიანი შესვენებით სარგებლობენ. სასკოლო დღე იწყება დილის 9:00 – 9:45 საათამდე და სრულდება 14:00 საათამდე. მოსწავლეები საკლასო ოთახში ნაკლებ დროს ატარებენ სხვა ქვეყნებთან შედარებით, თუმცა გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი საუკეთესო შედეგებს იღებენ.
5. ფინელი მოსწავლეების საშინაო დავალება და მათი მოცულობა მინიმუმამდეა დაყვანილი, მათ უფრო ნაკლები საშინაო დავალება აქვთ, ვიდრე ნებისმიერ სხვა მოსწავლეს პლანეტაზე. დავალებების დიდ ნაწილს ისინი სასკოლო პროცესში ასრულებენ.
6. ფინეთის სკოლებს შორის კონკურენციის არარსებობის ერთ-ერთი მიზეზი არის ის, რომ იქ არ არსებობს ფასიანი და უფასო სკოლები, ყველა სკოლა ერთნაირად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. ფინეთის სკოლებში არ მოქმედებს რეიტინგები, არ ხდება შედარება სკოლებს, რეგიონებს, მასწავლებლებსა და სტუდენტებს შორის. მათ მიაჩნიათ, რომ წარმატების გასაღებია თანამშრომლობა და არა კონკურენცია.
7. უფასო განათლებასთან ერთად, ყველა ფინელი მოსწავლე იღებს უფასო სასკოლო კვებას. ასევე უფასოა სკოლისთვის საჭირო ინვენტარი, წიგნები, რვეულები, კალმები, ფანქრები. მოსწავლეები უზრუნველყოფილი არიან ტრანსპორტის უფასო მომსახურებით იმ შემთხვევაში, თუ სახლსა და სკოლას შორის მანძილი 2 კილომეტრზე მეტია. სკოლაში 1943 წლიდან მოყოლებული 9 წლის განმავლობაში ყველა სტუდენტი სარგებლობს ჯანსაღი ცხელი ლანჩით.
8. ფინელი პედაგოგები მსოფლიოში ყველაზე კვალიფიციურები არიან. ფინეთში მასწავლებლის პროფესიაში შესვლის მოთხოვნები ძალიან მაღალია, მსურველთა მხოლოდ 10% ხდება მასწავლებელი და ყველა მათგანისთვის სავალდებულოა მაგისტრის ხარისხი. ფინელი მასწავლებლები სტატუსით ექიმებსა და იურისტებს უტოლდებიან. ფინელი მასწავლებლები მუშაობის პროცესში არ ფასდებიან. ეს, ალბათ, მათი მკაცრი შერჩევის პროცესის პირდაპირი შედეგია და ამის გამო, ფინეთში ისინი არ გრძნობენ საჭიროებას მუდმივად შეაფასონ მასწავლებლები.
9. სახელმწიფო მასწავლებლებისა და სკოლის ხელმძღვანელების პროფესიონალიზმსა და კეთილსინდისიერებას სრულ ნდობას უცხადებს, ამიტომ სახელმწიფო სკოლებს არ ამოწმებს, მხოლოდ აფინანსებს და მხარდაჭერას უცხადებს მათ.
10. ფინეთში განათლება ინკლუზიური და ყველასთვის ხელმისაწვდომია. მოსწავლეებს აქვთ წვდომა მხარდაჭერაზე, რომელიც ინდივიდუალურად სპეციფიკურ საჭიროებებს ეფუძნება.
11. ნაცვლად იმისა, რომ ფოკუსირება ტესტების ქულების გაზრდაზე ან კონკრეტულ საგნებში წარმატების მიღწევაზე ხდებოდეს, მოსწავლეებისთვის ჯანსაღი და ჰარმონიული გარემოს შექმნაზე კეთდება აქცენტი. ფინეთის განათლების სისტემის იდეოლოგია არის, რომ განათლება უნდა იყოს „ინსტრუმენტი სოციალური უთანასწორობის დასაბალანსებლად“.
12. ფინეთში ბავშვები სწავლობენ მეტ ენას, ვიდრე სხვა ქვეყნებში. ისინი სკოლაში პირველივე დღიდან სწავლობენ ფინურს, 9 წლის ასაკში იწყებენ შვედურის სწავლას, რომელიც ფინეთის მეორე ენაა, 11 წლის ასაკში იწყებენ მესამე ენის სწავლას (რომელიც ჩვეულებრივ ინგლისურია). ბევრი მათგანი 13 წლის ასაკშიც კი იწყებს მეოთხე ენის შესწავლას. ფინალურ გამოცდას მხოლოდ ფინურსა და შვედურ ენებზე აბარებენ.
13. მასწავლებლები საკლასო ოთახებში დღეში მხოლოდ 4 საათს ატარებენ, კვირაში 2 საათი პროფესიული განვითარებისთვის აქვთ, რაც მასწავლებლის სტრესს ამცირებს. ფინეთის ეროვნული სასწავლო გეგმა ფართოდ დამკვიდრებული სახელმძღვანელოა, რომელიც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს კლასში საკუთარი სტილი და იდეები გამოიყენონ, მათ მინიჭებული აქვთ სრული ავტონომია, თავად ირჩევენ სახელმძღვანელოებს და გეგმავენ გაკვეთილებს, რომელსაც სხვადასხვა ტიპის მოსწავლეებს ინდივიდუალურად არგებენ. ეს ეფუძნება მასწავლებლებისადმი ნდობას.
14. აღსანიშნავი ფაქტია ასევე, რომ გაკვეთილების პროცესში არ არის სავალდებულო მერხთან ჯდომა, შეუძლიათ დივანზე ან იატაკზე მოკალათდნენ, ასევე ფეხსაცმლის გარეშე ყოფნაც ჩვეულებრივი ამბავია. სწავლების განუყრელი ნაწილია ბუნებასთან სიახლოვეც - ლაშქრობები, ექსკურსიები და ყოველდღიურ რუტინაში შესვენებების ეზოში გატარება.