„ცისარტყელას სოფელი“ ტაივანში
ნანტუნის რაიონის პატარა სოფელი ტაივანში განადგურების პირას იყო მისული, თუმცა, 11 მცხოვრები ჯერ კიდევ იყო შემორჩენილი. მათ შორის იყო 86 წლის ჰუანგ იუნგ-ფუ. „როცა საცხოვრებლად აქ მოვედი, სოფელში 1200 სახლი იყო და ჩვენ ერთ დიდ ოჯახად ვცხოვრობდით“ - იხსენებს ის.
დაახლოებით 10 წლის წინ, ტაივანის ხელისუფლებამ სოფლის დანგრევა და იმ ადგილას საცხოვრებელი კომპლექსის აშენება გადაწყვიტა. ადგილობრივ მოსახლეობას კომპენსაცია და სხვაგან გადასახლება შესთავაზეს. „ყველა გადაბარგდა, ზოგი გარდაიცვალა და მარტო დავრჩი“, - იხსენებს ჰუანგი. მან უარი თქვა სახლის დატოვებაზე და გადაწყვიტა ხატვით დაკავებულიყო.
ის პროფესიონალი მხატვარი არასოდეს ყოფილა, ბავშვობაში ხატვას მამა ასწავლიდა და უბრალოდ ძალიან უყვარდა ეს საქმე.
პირველი ნამუშევარი იყო ჩიტი მისივე სახლის კედელზე. შემდეგ დაამატა ცხოველები, ფრინველები, ყვავილები და ადამიანები. მალე კი სხვა სახლების მოხატვაც დაიწყო. მას ხატვა მანამ არ შეუწყვეტია, სანამ სოფლის ყველა კუთხე-კუნჭული ფერადი, კაშკაშა საღებავითა და ფანტასტიკური დიზაინით არ დაფარა.
მხატვარს ბედმა გაუღიმა. უნივერსიტეტის სტუდენტებმა მისი და მისი სოფლის ისტორია შემთხვევით გაიგეს და მას დახმარებას დაჰპირდნენ. მათ ჰუანგის ნამუშევრების რამდენიმე ფოტო გაავრცელეს და სოფლის გადასარჩენად ფულის შეგროვების კამპანიაც დაიწყო.
ასე დაიბადა „ცისარტყელას სოფელი“.
ფერადმა და არაჩვეულებრივმა ნამუშევრებმა მალევე მიიზიდა დამთვალიერებელი და სოფელი მალევე იქცა ინსტაგრამის მოყვარულთათვის საოცნებო ადგილად. როგორც კი ეს ისტორია გახმაურდა, ტაივანის ხელისუფლებამ სოფლის დანგრევის ბრძანება გააუქმა და სოფელს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიანიჭა. რაც მთავარია, ჰუანგმა თავისი სახლი შეინარჩუნა. ის ხატვას ისევ აგრძელებს და ახალ-ახალი ნამუშევრებით ალამაზებს სახლებს.
„ცისარტყელას სოფელს“ ყოველ წელს 2 მლნ. ადამიანი სტუმრობს. ჰუანგს კი დამსახურებულად შეარქვეს „ცისარტყელას პაპა“.
ფოტო: https://wl-brightside.cf.tsp.li/resize/728x/jpg/761/be2/4dbfd15b579d97d5c41d2d887d.jpg
ფოტო: https://wl-brightside.cf.tsp.li/resize/728x/jpg/ce2/f79/b010af57dc93ffad5bab320d52.jpg
ფოტო: https://wl-brightside.cf.tsp.li/resize/728x/jpg/4e8/f31/0253fb563e93eeb3a189d87c09.jpg
მთავარი ფოტო: https://wl-brightside.cf.tsp.li/resize/1200x630/jpg/518/846/0be70a5c828401c402a43ddf1f.jpg
წყარო: brightside.me