ჯობია, ტონი უფრო კონსტრუქციული იყოს. ფაქტია, ჩვენგან არ მოდის ეს უსაფუძვლო და ხშირად უტიფარი ბრალდებები, ამას უპასუხოდ ვერავინ დატოვებდა. ასე გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების“ წევრი გია ვოლსკი უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ და თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ.
,,საკმაოდ სერიოზული და ხშირად უტიფარი ბრალდებები გვესმის საქართველოს და მისი ხელისუფლების მიმართ. იყო მოწოდებები რევოლუციაზე, მთავრობის ძალისმიერი მეთოდებით შეცვლის საკითხებზე იყო საუბარი და ამას უპასუხოდ ვერავინ დატოვებდა. ძალიან სერიოზული დასკვნები გაჟღერდა საერთაშორისო დონეზე თუნდაც არახამიას და აბრამოვიჩის გაურკვეველ ურთიერთობებზე, აბრამოვიჩის მონაწილეობაზე მოლაპარაკებებში, თითქოს თურქეთ-რუსეთი ისე ვერ გაარკვევენ, თუ აბრამოვიჩი არ ჩაერთვება. ბევრი საკითხია, რაც გადაფარვას მოითხოვს და ვფიქრობ, საქართველო დაბალ ღობედ ამოარჩიეს, რომ შეურაცხყოფა მიაყენონ და არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ“ _ განაცხადა ვოლსკიმ.