პარლამენტის ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, ,,ქართულმა ოცნებამ“ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ ზელენსკის პარლამენტში გამოსვლის საკითხი პოზიტიურად არ განიხილა.
ვოლსკიმ ისიც აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ზურაბიშვილის განცხადება, რომ ხელისუფლებამ უკრაინის მიმართ რაიმე შეცდომა დაუშვა, მისსავე ნათქვამს ეწინააღმდეგება, როცა მან აღნიშნა, რომ საქართველოს უკრაინის დასახმარებლად ყველა რესურსი გამოყენებული აქვს.
,,პრეზიდენტი როცა ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტში ზელენსკის გამოსვლა უნდა დაგვეშვა, მან და საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ჯერ ერთი, ზელენსკის ასეთი თხოვნით არ მოუმართავს და მეორეც, მან საკმაოდ აგრესიული განცხადებები გააკეთა. იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში მდგომარეობა რთულია, ჩვენ მათთვის არც პოლიტიკური, არც ჰუმანიტარული და არც ადამიანური მხარდაჭერა არ დაგვიკლია“ _ განაცხადა გია ვოლსკიმ.
ცნობისთვის, გუშინ სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ზელენსკი საქართველოს პარლამენტში უნდა მიეწვიათ. მისი თქმით, საქართველო არის ერთ-ერთი ქვეყანა ევროპაში დარჩენილი იმ ცოტა ქვეყნიდან, სადაც ზელენსკის პარლამენტში სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მიეცა.