ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, უკრაინის მხარდასაჭერად, Lend-Lease-ის კანონპროექტს ხელი მოაწერა. ხელმოწერის ცერემონიალი აშშ-ში ამ წუთებში მიმდინარეობს.
,,ხელს ვაწერ კანონპროექტს, რომელიც უზრუნველყოფს კიდევ ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, რომელიც პირდაპირ უჭერს მხარს უკრაინის მთავრობას და უკრაინელ ხალხს და მათ ბრძოლას, დაიცვან თავიანთი ქვეყანა და დემოკრატია პუტინის სასტიკი ომის წინააღმდეგ“ _ აღნიშნა ბაიდენმა.
მეორე მსოფლიო ომის დროინდელი პროგრამა ლენდ-ლიზი სენატმა 81 წლის შემდეგ აღადგინა, რომელიც პრეზიდენტს უფლებას მისცემს ბიუროკრატიული დაბრკოლებების გარეშე მიაწოდოს სამხედრო აღჭურვილობა უკრაინას. საკანონმდებლო აქტი, რომელმაც მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის დამარცხება დააჩქარა, თეთრ სახლს საშუალებას მისცემს, უმოკლეს ვადაში მოამარაგოს კიევი საბრძოლო მასალით, მათ შორის, ლეტალური იარაღით.