აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტები, ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი შეხვედრაზე დათანხმდნენ. ისინი მზად არიან მონაწილეობა მიიღონ სამიტში, რომელზეც უკრაინაში არსებულ კრიზისს განიხილავენ.
თეთრი სახლის ცნობით, საფრანგეთის მიერ შეთავაზებული მოლაპარაკება მხოლოდ იმ შემთხვევაში შედგება, თუ რუსეთი უკრაინაში არ შეიჭრება.
შეხვედრამ შესაძლოა ევროპაში ბოლო ათწლეულების ყველაზე მძიმე კრიზისი მოაგვაროს.
პირველად შეთავაზება ელისეს სასახლემ მას შემდეგ დააანონსა, რაც ემანუელ მაკრონსა და ვლადიმირ პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომელიც თითქმის სამ საათს გაგრძელდა. ამის შემდეგ მაკრონი ტელეფონით ჯო ბაიდენს ესაუბრა, რის შედეგადაც შეხვედრა დაიგეგმა.
სამიტის მომზადება აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს დაევალათ, რომელთა შეხვედრაც 24 თებერვალსაა დაგეგმილი.