დავით ბერძენიშვილმა გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის პროექტზე ისაუბრა. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ „ფსევდო პრაგმატიზმს“ შიში განსაზღვრავს.
„ასეთ დროს მახსენდება, მიუნხენის გარიგების შემდეგ, რა უპასუხა ჩერჩილმა ჩემბერლენს: უღირსობასა და ომს შორის, თქვენ აირჩიეთ ღირსებაზე უარის თქმა და მალე მიიღებთ ომს. მე არ ვამბობ, რომ უკრაინაში ომი იქნება და მერე ჩვენც ომი გვექნება, მაგრამ ძალიან დაძაბული ვითარებაა. როცა კოალიციური მმართველობა იყო, საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკას ბიძინა ივანიშვილი ვერ განსაზღვრავდა, პოლიტიკას საზღვრავდა ვინც იყო თავდაცვის მინისტრი, საგარეო საქმეთა მინისტრი და ვინც პარლამენტში წამყვანი ძალა იყო - მაშინდელი კოალიციის პროდასავლური ნაწილი. ამის შემდეგ ვუყურებთ ჩვენი ხელისუფლების დეგრადაციას და დაკნინებას.2016-2020 წლების და განსაკუთრებით 2020 წელს ძალიან ჭრიალ - ჭრიალით არჩეული ხელისუფლება, რაც დრო გადის უფრო და უფრო იცლება პოლიტიკისგან, უფრო და უფრო უსახური და უფერული ხდება, მართლა სასაცილოა.
მე მგონი, შიში განსაზღვრავს ამ ფსევდო პრაგმატიზმს. ბიძინა ივანიშვილს არც არასდროს არ სჯეროდა ნატო-სი. მისი ხაზი იყო ასეთი, კი, კარგი იქნება რომ მიგვიღონ, მაგრამ არ მიგვიღებენ. რა თქმა უნდა, აქვს პერსონალური შიში“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მთავარი ფოტო: ghn.ge