„რესპუბლიკელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე ისაუბრა.
ბერძენიშვილი დარწმუნებულია, რომ მმართველმა გუნდმა გააანალიზა, რომ 43%-ის ამღები ვერ არის, ვერც გაყალბებული არჩევნების პირობებში.
„განუზომლად მეტია „ქართული ოცნების“ პასუხისმგებლობა და დანაშაული, ვიდრე ოპოზიციაში რომელიღაცა პარტიამ მოაწერა ხელი თუ არ მოაწერა. ამერიკის საელჩოს განცხადება არის გაბრაზებული განცხადება ამერიკის შეერთებული შტატების და მიმართულია პირდაპირ საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ და ასეთივეა რიშის განცხადება და ასე შემდეგ. ვერ გავათანაბრებთ, „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაა და არაფერი არ დაუშავებია ამჟამად „ნაციონალურ მოძრაობას“. ეს, მაპატიეთ და ყურით მოთრეული არგუმენტია.
მე ვვარაუდობ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ნამდვილად დაიჯერა, რომ 43%-ის ამღები ვერ არის ვერც გაყალბებული არჩევნების პირობებში. მას თბილისში და ბათუმში 2020 წელს ჰქონდა 42%, 43% 31 ოქტომბერსაც არ ჰქონია. არა თუ 43% ვერ აიღებს თბილისში, ოთხიანით ვერ დაიწყება „ქართული ოცნების“ შედეგი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, თვითმმართველ ქალაქებში. აქ გახარიას ფაქტორიც არის, არითმეტიკული ფაქტორია“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
მთავარი ფოტო: alia.ge