ძალიან კარგად ვხედავთ თუ რა არის ნომერ ერთი გამოწვევა - მიმდინარე პერიოდის გამოწვევა არის ფასების ზრდა, ეს არის მაღალი ინფლაცია. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, ინფლაციის მთავარი გამომწვევი მიზეზი პანდემიაა და არა მხოლოდ საქართველოს, არამედ გლობალური პრობლემაა.
,, ფასების ზრდის დონით გამოწვეული პრობლემები არის დაძლევადი, ჩვენ გვაქვს ამის გეგმა, გვაქვს ამის ხედვა და უკვე გაზაფხულიდან ველოდებით ნორმალიზაციას.
როდესაც ვსაუბრობთ იმაზე, რომ მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამავდროულად ძალიან კარგად ვხედავთ თუ რა არის ნომერ ერთი გამოწვევა - მიმდინარე პერიოდის გამოწვევა არის ფასების ზრდა, ეს არის მაღალი ინფლაცია. უნდა ვთქვათ, რა ფონზეა ეს მაღალი ინფლაცია განვითარებული, ეს უნდა დავინახოთ გლობალურ კონტექსტში. ინფლაცია გაიზარდა მყისიერად სწორედ კორონავირუსის პანდემიის კვალობაზე და ეს მოხდა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ გლობალურად, მთლიანად მსოფლიოში. მთელ მსოფლიოში სასურსათო პროდუქცია 27%-ით და მეტით არის გაძვირებული, ნავთობპროდუქტები არის გაძვირებული, ბუნებრივი აირი არის გაძვირებული მთლიანად მსოფლიოში და აქედან გამომდინარე, საქართველო, რომელიც არის ინტეგრირებული მსოფლიო ეკონომიკაში, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა გამონაკლისი. მაგრამ ამ ყველაფერში მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ ეს არის პანდემიის მომყოლი ეფექტი, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს არის ერთჯერადი და დროებითი პრობლემა. ეროვნული ბანკის პროგნოზით, უკვე გაზაფხულიდან ველოდებით, რომ ინფლაციის დონე დაიწევს და წლის ბოლომდე სრულიად შესაძლებელია, რომ ისევ პანდემიამდელ ნიშნულზე დავიდეს- 3-4 % მაქსიმუმ“ _ განაცხადა ნათია თურნავამ.