"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის განმარტებით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ნაცვლად, იქმნება ორი ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც ადამიანის უფლებებს დაიცავს. ვოლსკი ჟურნალისტებთან აცხადებს, რომ სიცრუეა ინფორმაცია, თითქოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს ათავისუფლებენ.
"სამართლებრივი მხარე აბსოლუტურად მოგვარებულია. მომავალი დაგვანახებს, რომ რეალურად, იქმნება ორი დამოუკიდებელი, ძლიერი ორგანიზაცია, რომელიც დაიცავს ადამიანის უფლებებს, ეს არის რეალობა და ამ რეალობას უნდა გაუსწოროს თვალი აქაურებმაც და მათ შორის, ვიოლა ფონ კრამონმაც. გარდა ამისა, იყო შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ უსამსახუროდ რჩება ხალხის გარკვეული რაოდენობა, რაც ასევე რეალობას არ შეესაბამება. პირადად ჩემთვის გასაკვირიც არის ის განცხადება, ის გააფთრებული შეტევა, რასაც დღეს ამ უწყების ხელმძღვანელი ახორციელებს. აბსოლუტურად ნათელია, რომ იგი გარკვეული პოლიტიკური პლატფორმიდან აწარმოებს ამ შეტევას" - აცხადებს გია ვოლსკი.
მთავარი ფოტო: imedinews.ge