გია ვოლსკიმ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია ლონდა თოლორაიას მხრიდან ასეთი გააფთრებული შეტევა და ხისტი განცხადებები პრემიერ-მინისტრის განცხადებების ფონზე.
„გულუბრყვილო არავინ არ არის, რომ დაიჯეროს, ეს პარალელურად შემოტანილი კანონპროექტი იმას ემსახურება, რომ უკეთესი შედეგი მივიღოთ და უკეთესი ახალი კანონი შევქმნათ, რომელიც ამ სამსახურებს სრულიად ბუნებრივად გაყოფს და გააძლიერებს. ეს არის იმიტომ, რომ გაიწელოს ამის განხილვა და იქნება ჩაიშალოს კიდევაც განხილვის პროცესი და ამის თაობაზე არავის ჰქონია სხვა მოსაზრება, მიუხედავად იმისა, რომ შეფუთვა სხვა იყო. რასაკვირველია, გარკვეული პოლიტიკური დემარში იმასთან დაკავშირებით, რომ ბიურო არ შემდგარიყო, იყო სახეზე და ამას არავინ უარყოფს. ეს რაღაც პროცედურულ ბრძოლაში გადაიჭრა, თუმცა, ერთი უნდა აღინიშნოს ძალიან მკაფიოდ და ხაზგასმით, ყველანაირი საშუალება აქვს ნებისმიერ ოპოზიციურ ძალას, წარმოადგინოს თავისი მოსაზრებები თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით იმ კანონპროექტისა, რომელიც იქნება კომიტეტზე და შემდეგ პლენარულზე განხილული. გარდა ამისა, უნდა იცოდეთ, რომ კანონპროექტი, რომელიც წარმოადგინა ოპოზიციამ, არის გამეორება, ანალოგი იმისა, რაც ჰქონდა ინსპექტორს წარმოდგენილი, ასე რომ განსხვავება ამ პოზიციებს შორის არ არსებობს“ - განაცხადა ვოლსკიმ.
მთავარი ფოტო: imedinews.ge