გურული ცხენოსნები ამერიკაში
გურული მოჯირითეები, რუსეთის იმპერიიდან, კერძოდ ქუთაისის გუბერნიიდან, ისტორული გურიიდან ამერიკაში წასული ქართველების ჯგუფი იყო, რომლებიც 1892 წლიდან მონაწილეობდა აშშ-ში გამართულ ველური დასავლეთის შოუებში (Wild West Shows), რამაც უდიდესი გავლენა მოახდინა ქოვბოების სუბ-კულტურაზე და ველური დასავლეთის თემის დამკვიდრებაზე მასობრივ კულტურაში.
ველური დასავლეთის შოუები იყო ვოდევილის სპექტაკლები შეერთებულ შტატებსა და ევროპაში, რომელიც იმართებოდა და უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა 1870-1920 წლებში. შოუები დაიწყო, როგორც თეატრალური სასცენო სპექტაკლები და გადაიზარდა მასშტაბურ, ღია წარმოდგენებში, რომლებიც ასახავდა რომანტიკულ ამბებს ქოვბოების, ველური ინდიელების, ჯარის სკაუტების, ველური დასავლეთის უკანონობისა და გარეული ცხოველების შესახებ, რომელიც ამერიკულ დასავლეთში იყო გავრცელებული. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი პერსონაჟი და სიუჟეტური ხასიათი დაფუძნებული იყო ნამდვილ მოვლენებზე, სხვები შელამაზებული ან გამოგონილი იყო სენსაციურობის და საზოგადოებრივი ინტერესის გაზრდისთვის.
1883 წელს ჩრდილოეთ პლატეში, ნებრასკას შტატში დაარსდა ბუფალო ბილის ველური დასავლეთის შოუები. როდესაც ბუფალო ბილ კოდიმ თავისი ცხოვრების ნამდვილი თავგადასავალი პირველ დიდ დასავლურ შოუდ აქცია. გასართობი წარმოდგენის პუბლიცისტმა, არიზონა ჯონ ბერკმა გამოიყენა იმ დროისთვის ინოვაციური მეთოდები, როგორიცაა ცნობილი ადამიანების მიერ შოუს დარეკლამება, სხვა სარეკლამო ტრიუკები, პრესა, სტატიები, ბილბორდები და პროდუქციის ლიცენზირება, რამაც ხელი შეუწყო შოუს წარმატებას და პოპულარობას. დასავლურმა შოუებმა დაინტერესება გამოიწვია და მოახდინა ველური დასავლეთის დიდი პოპულარიზაცია, რაც შემდეგ პერიოდში მკაფიოდ აისახა დასავლურ კულტურაში და დღემდე ჯერ კიდევ საკმაოდ აქტუალურია კინემატოგრაფში, პოპ-კულტურაში, თანამედროვე როდეოში, ცირკში და ა.შ. სწორედ ამ შოუების გავლენით შეიქმნა ფილმების ჟანრი "ვესტერნი". პირველი ნამდვილი ვესტერნი - მატარებლის დიდი ძარცვა 1903 წელს გადაიღეს, ამას კი ათასობით ასეთივე ფილმი მოჰყვა.
ველური დასავლეთის შოუებში სულ 1892-1917 წლებში ამერიკაში და ბრიტანეთში წავიდა 150-მდე გურული მხედარი. ისინი ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ შტატებში, იმდენად, რომ გავლენა მოახდინეს ქოვბოებზე და მათ სუბ-კულტურაზე. ლონდონში კი მათმა გამოჩენამ დიდი საზოგადოებრივი ინტერესი გამოიწვია. დედოფალმა ვიქტორიამ მათი ნახვა უინძორის სასახლეში მოისურვა.
1892 წელს ქართველი მხედრები ივანე მახარაძის მეთაურობით ბრიტანეთის სამეფო ოჯახისა და არისტოკრატიის წინაშე წარდგნენ. აღტაცებულმა დედოფალმა გურულებს წარმოდგენის ამსახველი ფოტოების მოოქროვილი ალბომი საჩუქრად გადასცა.
ეს ამბავი დაიწყო ისე, რომ 1892 წლის საქართველოში, ქალაქ ბათუმში ჩავიდა ცნობილი ამერიკელი შოუმენის, ბუფალო ბილის წარმომადგენელი იმპრესარიო თომას ოლივერი. მას დავალებული ჰქონდა ველური დასავლეთის შოუსთვის ცხენოსნების ამორჩევა. ოლივერმა აშშ-ს კონსულთან, მისი მდგმური და მდივანი ჩიბათელი კირილე ჯორბენაძე გაიცნო. ჯორბენაძის დახმარებით მან გურიაში შეკრიბა თავიდან 10-კაციანი გუნდი ივანე მახარაძის მეთაურობით.
თომას ოლივერი პრესაში დასავლურ ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ეს ჯგუფები იყვნენ ზაპოროჟიელი კაზაკები, რომლებიც უკვდავჰყო ბაირონმა თავის პოემაში "მაზეპა", რომ ისინი პირადად რუსეთის იმპერატორის ნებართვით არიან ქვეყნიდან წამოსულები და რომ მათ უამრავი საბრძოლო ჯილდო აქვთ მოპოვებული. გურულებს ჭრელ ფერებში შეკერილი ჩოხები ეცვათ. ესეც შოუს კომერციული ნაწილი იყო. ხშირად მოჯირითეებს პრინცებად და პრინცესებად მოიხსენიებდნენ.
საჯირითო სეზონი მარტიდან ოქტომბრის ჩათვლით გრძელდებოდა. ზამთარში მხედრები ან შინ ბრუნდებოდნენ, ან ამერიკაში რჩებოდნენ, თუმცა უხელფასოდ. გურული მხედრები უიშვიათეს ტრიუკებს აკეთებდნენ ჯირითის დროს და დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ. მათი შოუს აუცილებელი ატრიბუტი იყო ცეკვები, სიმღერა, იარაღი და ტანისამოსი. ამ შოუების აქტიური მაყურებლები იყვნენ აშშ-ს პრეზიდენტები ვუდრო ვილსონი და თეოდორ რუზველტი. თეოდორ რუზველტმა ერთ-ერთ ქართველ მოჯირითეს გიორგი ჩხაიძეს, საჩუქრად ლანგარი და ბეჭედი გადასცა.
ეს არის ლანგარი, რომლითაც ამერიკის პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა ოქროს ბეჭედი მიართვა გურულ მოჯირითეს - გიორგი ჩხაიძეს:
გურული მოჯირითეების მცირე ჯგუფი, რომლებიც სამშობლოში დაბრუნდნენ, საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლი გახდნენ. უკანასკნელი ჯგუფი საქართველოში 1924 წელს დაბრუნდა. ამერიკაში ნამყოფობის გამო ეს გურულები ამერიკის ჯაშუშებად შერაცხა შეურაცხადმა საბჭოთა ხელისუფლებამ და დააპატიმრა. ბევრი მათგანი იძულებული გახდა საზღვარგარეთ ყოფნის დამადასტურებელი ყველა სამხილი გაენადგურებინა.
მკვლევარმა ირაკლი მახარაძემ შეისწავლა ეს საკითხები ძალიან დაწვრილებით და დაწერა წიგნები "ველური დასავლეთის მხედრები" (2011); "გურული მხედრები ამერიკაში" (2007); "ქართველები ამერიკაში" (2011); "გურული მხედრების თავგადასავალი" (2013); "ქართველი მოჯირითეები ამერიკულ ველური დასავლეთის შოუებში 1890-იან 1920-იან წლებში" (2015) და "ერთხელ ამერიკაში - უცნობი გურული მხედრის ჩანაწერები" და "ერთი მუჭა ვესტერნი".