"კარგად ვარ, არ ველოდი, თუ დღეს ეს მოხდებოდა. ღმერთის წყალობით, ჩვენი პატრიარქისა და მთავრობის გვერდზე დგომით, ყველაფერი კარგად დამთავრდა. დღეს ყველაფერი კარგად არის“_ ეს იყო ოკუპანტების მიერ უკანონო ტყვეობიდან გათავისუფლებული ზაზა გახელაძის პირველი კომენტარი.
მისი პატიმრობაში ყოფნის შესახებ დეტალებზე მან არ ისაუბრა, თუმცა აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში ამის შესახებ ისაუბრებს.
"დეტალურად რომ მოვყვე ყველაფერი, 1 თვე აქ მოგვიწევს დგომა და სახლში, დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილები მიყურებენ. ხვალ, ზეგ, მაზეგ ვისაუბროთ, არსად წასვლას აღარ ვაპირებ“ _ განაცხადა ზაზა გახელაძემ.
ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაპატიმრებული ზაზა გახელაძე დღეს გათავისუფლდა. იგი ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის ე.წ პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა შეიწყალა. ბიბილოვმა გათავისუფლების ბრძანება დღეს გამოაქვეყნა. გახელაძე უკვე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა. მას ერგნეთში საქართველოს პრემიერ-მინისტრი, შს მინისტრი და სუს-ის ხელმძღვანელი დახვდნენ. ზაზა გახელაძე უკანონო პატიმრობაში ერთი წლის განმავლობაში იმყოფებოდა.