კომპანია „ენკასთან“ მიწის გასხვისების ვადის შესამცირებლად მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების წარმომადგენლები უკვე თბილისში არიან. ისინი რიონის ხეობაში ჰესის მშენებლობაზე მედიაციის პროცესში ჩაერთვებიან.
შეხვედრას ევროკავშირთან ერთად ხელისუფლების წარმომადგენლები და რიონის ხეობის მცველებიც დაესწრებიან.
ვარლამ გოლეთიანის თქმით, შეხვედრაზე რიონის ხეობიდან საპოლიციო ძალების გაყვანისა და სამუშაო პროცესის შეჩერების საკითხებს დააყენებენ.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე, დავით თვალაბეიშვილი, კი ჟურნალისტებთან ამბობს, რომ „ენკასთან” მიმდინარეობს მოლაპარაკებები, ხელშეკრულებაში მიწის გასხვისების ვადის შემცირებასთან დაკავშირებით
„მიმდინარეობს კომპანია „ენკასთან” მოლაპარაკებები, რათა შემცირდეს ეს 99 წელი. ვერ გეტყვით, სადამდე იქნება შემცირებული, მაგრამ პოზიტიური პროცესია და უნდა დაველოდოთ შედეგებს. ჩვენ ვართ კონსტრუქციულად განწყობილი“ - განაცხადა დავით თვალაბეიშვილმა.
მინისტრის მოადგილე მიიჩნევს, რომ ჰესი უნდა აშენდეს, რადგან ის საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის გარანტია იქნება.
მთავარი ფოტო: Facebook