საქართველოში გერმანიის ელჩის, ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, გერმანიაში, მარწყვის ფერმაში, სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულების შესახებ მას გერმანულ უწყებებთან ჰქონდა საუბარი.
საქმე ეხება დღეს, 19 მაისს გავრცელებულ ინფორმაციასა და ვიდე-მასალას, რომლის მიხედვითაც, სეზონურ სამუშაოზე დასაქმებულთა ერთ-ერთი ჯგუფი რთულ სამუშაო პირობებში იმყოფება.
ელჩის აცხადებს, რომ ლეგალურად დასაქმების პროგრამით მომუშავე ჯგუფის სამუშაო პირობები გაუმჯობესდება და მათი მინიმალური ხელფასი საათში 9.5 ევრო იქნება, გარდა ამისა, მოხდება მათი საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფაც.
"ქართული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ, რომელიც ეხებოდა მარწყვის ფერმაზე სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებულ ჯგუფს, გერმანულ უწყებებთან მქონდა საუბარი ამ საკითხთან დაკავშირებით. წესისამებრ, უწყებების მიერ მოხდა იმის უზრუნველყოფა, რომ შესრულდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა პირობა, მათ შორის, შესაფერისი საცხოვრისით უზრუნველყოფა. გერმანიაში გარანტირებულია 9,5 ევროს ოდენობის მინიმალური ხელფასი. პრობლემები შეიძლება ყველგან იყოს. მთავარია, მათი მოგვარება მალე მოხდეს. კარგია, რომ მედიაში ამ შემთხვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია გავრცელდა. იმედი მაქვს, რომ პროგრამის წარმატებით განხორციელებაც იგივე ყურადღებით გაშუქდება" - განაცხადა ელჩმა.
ფოტო: 1TV