ევროპარლამენტარი კრისტიან დანიელსონი, რომელიც საქართველოში მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის გამართულ მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, აცხადებს, რომ 19 აპრილის შეთანხმებაში არის რამდენიმე პუნქტი, რაც საქართველოს დემოკრატიის პროცესზე ხანგრძლივ გავლენას იქონიებს.
მისი თქმით, ევროკავშირი საქართველოს ყველაფერში დაეხმარება, თუმცა, ეს უპირობოდ არ მოხდება.
„19 აპრილის შეთანხმებაში არის რამდენიმე პუნქტი, რომელსაც ხანგრძლივი გავლენა ექნება საქართველოს დემოკრატიაზე. მოკლე პერსპექტივაში უნდა მოხდეს შეთანხმება ამნისტიის კანონზე. პარალელურად უნდა განხორციელდეს საარჩევნო ცვლილება, რომელიც მზად იქნება შემოდგომის ადგილობრივი არჩევნებისთვის.
მართლმსაჯულების რეფორმა არანაკლებ მნიშვნელოვანია, არ არსებობს დემოკრატია ჭეშმარიტი კანონის უზენაესობის გარეშე. 19 აპრილის შეთანხმება იძლევა კარგ საფუძველს, რომ ამ პროცესმა წინ წაიწიოს. საქართველოს ახლა აქვს შანსი, რომ ჩამოაყალიბოს პროგრესული საპარლამენტო მოდელი. ევროკავშირი ამ ყველაფერში, ისევე როგორც კოვიდპანდემიის დაძლევასა და ეკონომიკის აღდგენაში, აუცილებლად დაეხმარება საქართველოს, მაგრამ ეს დახმარება არ იქნება უპირობო და დამოკიდებული იქნება საქართველოს მიერ რეფორმების გატარებაზე“ - განაცხადა კრისტიან დანიელსონმა.
მთავარი ფოტო: www.consilium.europa.eu