რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა, „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში საქართველოსა და უკრაინაში არსებულ კონფლიქტურ ვითარებას შორის პარალელები გაავლო. მისი თქმით, ანალოგიები არსებობს, თუმცა, მნიშვნელოვანი განსხვავებაცაა.
„როდესაც სააკაშვილმა აგრესია განახორციელა ცხინვალში, სამშვიდობოების პოზიციებზე, მათ შორის რუსი სამშვიდობოების, არ გაფორმებულა მინსკის შეთანხმების ანალოგიური შეთანხმება. მედვედევ-სარკოზის დოკუმენტს, რომელიც მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებდა, საქართველომ ხელი არ მოაწერა. სარკოზი, მას შემდეგ რაც აქ ჩვენთან, მოსკოვში შეთანხმებას მიაღწია, ჩაფრინდა თბილისში იმისთვის, რომ სააკაშვილის მხრიდან დოკუმენტზე მხარდაჭერა უზრუნველეყო.
სააკაშვილმა ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს მხოლოდ ძირითადი დებულებების წაშლით. ყველა ფურცელი იწყებოდა ფრაზით, პრეამბულით - რუსეთის ფედერაცია და საფრანგეთის რესპუბლიკა ცდილობენ ამიერკავკასიაში სიტუაციის ნორმალიზებას, საქართველოს, სამხრეთ ოსეთსა და აფხაზებს სთავაზობენ შემდგეს: ცეცხლის შეწყვეტას. სააკაშვილმა ამოშალა ეს ქუდი და აღმოჩნდა, რომ პირველი საკითხი ცეცხლის შეწყვეტაა და იმ დროის შემდეგ დასავლეთი ჩვენგან ამ შეთანხმების შესრულებას ითხოვს“ - განაცხადა ლავროვმა.
მთავარი ფოტო: tass.com