რამდენიმე დღის წინ გია გაჩეჩილაძის გადაცემა ,,კიდობანში“ მისულმა სტუმარმა, ზურაბ ჯაფარიძემ წამყვანს მისი ძმის, ლევან გაჩეჩილაძის შესახებ 2020 წელს გავრცელებული ინფორმაცია გაახსენა, რომლის მიხედვითაც, საპარტნიორო ფონდმა ლევან გაჩეჩილაძეს 7 მილიონი დოლარი გადასცა.
როგორც გია გაჩეჩილაძე განმარტავს, სინამდვილეში, დაფინანსება კომპანია ,,გლობალ ბრენდმა“ მიიღო, რომლის პროექტშიც ლევან გაჩეჩილაძე მრჩევლის სტატუსით იყო ჩართული.
,,ვინც მყავდა წინა ეთერში სტუმრად, მას არანაირი მორალური ამბები არ აქვს. ის მოვიდა ერთადერთი რამის გამო... სრულიად სხვა საკითხზე იყო ლაპარაკი, როცა მან უცბათ შემომიგდო თემა და დააკავშირა ერთმანეთთან 7 მილიონი დოლარის და ლევან გაჩეჩილაძის სახელი. ამ კომპანიის დირექტორს დავუკავშირდი და მითხრა, რაზე არის საუბარი. ჩემი ძმა ყოფილა უბრალოდ მრჩეველი იმ კომპანიაში, რადგან აქვს დიდი გამოცდილება ამ ბიზნესში“ _ ამბობს გია გაჩეჩილაძე.
ორი წლის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპარტნიორო ფონდმა ლევან გაჩეჩილაძის ღვინის კომპანიის იდეა, ყოველგვარი ვალდებულებების დაკისრების გარეშე, 7 მილიონი დოლარით დააფინანსა. სახელმწიფოს კუთვნილმა ფონდმა ლევან გაჩეჩილაძესთან საიდუმლო კონტრაქტი დადო, რომლის მიხედვითაც, კომპანიის გამოსყიდვის უპირატესობა სწორედ მას აქვს. ხოლო ფონდის დირექტორი, დავით საგანელიძე, ლევან გაჩეჩილაძის მეგობარი და ძველი თანაპარტიელია.