,,ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, რომან გოცირიძის განცხადებით, ,,ქართული ოცნების“ გეგმიდან ჩანს, რომ ისინი აპირებენ დრო გაწელონ დეკემბრამდე და საბოლოოდ, რეკომენდაციების შესრულების ნაცვლად არაფერს გააკეთებენ. მისივე თქმით, 12 პუნქტიდან არის ისეთი საკითხებიც, რომელიც ხვალვე შეიძლება მიღებული იყოს პარლამენტში.
როგორც გოცირიძე ამბობს, ,,ნაციონალური მოძრაობა“ საკუთარ გეგმაზე მუშაობს, რომლის შინაარსსაც ხელისუფლებას მალე წარუდგენენ.
,,გვთავაზობენ სასაცილო გეგმას, თურმე ჯერ უნდა დავიწყოთ დეპოლარიზაციით და ამის შემდეგ უნდა გავაკეთოთ სხვა რამე. მათი წარმოდგენით დეპოლარიზაცია ნიშნავს, რომ ქუჩაში არ უნდა გამოხვიდე და მწვავე ლექსიკა არ უნდა გამოიყენო, ოღონდ ისინი გაგინებენ. მათ ყველაფრის ნება აქვთ და თურმე ჩვენ უნდა გავჩერდეთ. ნურას უკაცრავად, დეპოლარიზაცია ნიშნავს ყველა - 12 რეკომენდაციის შესრულებას. ჩვენ შევთავაზებთ ჩვენს გეგმას, რომლის შინაარსსაც მალე გაიგებთ“ _ განაცხადა რომან გოცირიძემ.
,,ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ევროკომისიის რეკომენდაციების 12 პუნქტთან დაკავშირებით პარტიის ოფისში კონსულტაციებს მართავენ და საკუთარ გეგმას სავარაუდოდ მალე გაასაჯაროებენ.
როგორც ცნობილია, ოპოზიციის ნაწილი არ აპირებს ჩაერთოს ,,ქართული ოცნების" მიერ წარდგენილი რეკომენდაციების გეგმის შესრულების პროცესში. ამის მიზეზად კი უნდობლობას ასახელებენ.