გუშინდელ აქციაზე ორგანიზატორების მხრიდან ახალი მოთხოვნები გაჟღერდა: პრემიერ-მინისტრის გადადგომა და ახალი შემადგენლობით მთავრობის დანიშვნა.
ერთ-ერთი ორგანიზაროტორის, შოთა დიღმელაშვილის თქმით, ეროვნული თანხმობის საფუძველზე უნდა დაკომპლექტდეს ახალი მთავრობა, რომელიც ევროკავშირის მიერ წინაპირობად წარმოდგენილი 12 პუნქტის შესრულებას შეძლებს.
,,ჩვენ წარმოგიდგენთ მოთხოვნას, ეს არის ქართველი ხალხის მოთხოვნა, ქართველი ხალხის დათქმა, პირობა, რაც გინდათ, ის დაარქვით, ქართველი ხალხის ბოლო მკაცრი ამოთქმა – გადადგეს ირაკლი ღარიბაშვილი და ეროვნული თანხმობით შეიქმნას მთავრობა, რომელიც ევროკავშირის რეკომენდაციაში მოცემულ 12-ვე პუნქტს შეასრულებს, ვიდრე ზამთარი მოვა. ჩვენ ვაძლევთ ვადას ხელისუფლებას, ხელისუფლებას აქვს ერთი კვირა, რათა გადააყენოს ბიძინა ივანიშვილის მთავრობა და შეასრულოს მეორე პირობაც, იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება, თუ პირადად ბიძინა ივანიშვილი ყურად არ იღებს ქართველი ხალხის ნებას, ჩვენ მოვალთ კიდევ უფრო მეტნი, ვიდრე ვართ დღეს, ვიდრე ვიყავით 20 ივნისს და ვანახებთ მათ ქართველი ხალხის რისხვას, რომელიც ჯერ კიდევ არ უნახავთ“ _ თქვა შოთა დიღმელაშვილმა.
მორიგი აქცია 3 ივლისს გაიმართება, მანამდე კი აქციის ორგანიზატორების თქმით, ყველა ქალაქსა თუ სოფელში ჩავლენ და ადამიანების მობილიზებას უზრუნველყოფენ.
ეროვნული თანხმობის მთავრობა გულისხმობს მთავრობას, რომელიც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების საფუძველზე შეიქმნება დროებით, კონკრეტული მიზნით და რომელშიც ყველა პარტია იქნება წარმოდგენილი. მიზანი ევროკავშირის მიერ წინაპირობად წარმოდგენილი 12 პუნქტის შესრულება იქნება.