რატომ ჰქვია შავ ზღვას შავი
მიუხედავად იმისა, რომ შავ ზღვაში წყალი შავი არ არის, ძველთაგანვე, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები, მას “შავს" ეძახდნენ. ზუსტად ცნობილი არ არის ვინ, როდის და რატომ დაარქვა, ან ასე რატომ აიტაცეს ეს სახელი. ამ საკითხთან დაკავშირებით, რამდენიმე ვერსია არსებობს.
ერთი ვერსიის მიხედვით, სახელი მას ძველმა ბერძნებმა დაარქვეს. ისინი შავ ზღვას - პონტ აქსინოს (ბერძ. Πόντος Ἄξενος) ეძახდნენ, რაც “არასტუმართმოყვარე ზღვა”-ს, ბნელ ანუ შავ ზღვას ნიშნავს. სავარაუდოდ, ეს სახელი ზღვამ იმით დაიმსახურა, რომ მასზე ზღვაოსნობა რთული იყო. მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც მისი სანაპირო ზოლი ბერძნებმა შეისწავლეს და მიმდებარე ტერიტორიების კოლონიზაცია მოახდინეს, მას პონტო ექსინოსი (ბერძ. Πόντος Εὔξενος, “სტუმართმოყვარე ზღვა”) დაარქვეს.
მეორე ვერსიის თანახმად, “შავი", ზღვას თურქებმა დაარქვეს, როდესაც ისინი, მისი სანაპიროს დაპყრობის დროს, დიდ წინააღმდეგობას წააწყდნენ ადგილობრივი მოსახლეობისგან. მათ ზღვას «კარადენიზი» დაარქვეს, რაც შავს, არასტუმართმოყვარეს ნიშნავს.
სხვა ვერსიის თანახმად, შუა საუკუნეების თურქულ ენაში ფერები გეოგრაფიულ მიმართულებაზე მიუთითებდა. „შავი“ კი ჩრდილოეთს აღნიშნავდა.
კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, შავ ზღვას იმიტომ უწოდეს შავი, რომ ის უფრო მუქია, ვიდრე მარმარილოს ზღვა.
ჰიდროლოგების ვერსიით, ზღვა “შავი" იმიტომ არის, რომ ნებისმიერი ლითონის ნივთი, რომელიც ზღვის ღრმა წყლებში ხვდება, შავი ნადებით იფარება. ამის მიზეზი ის არის, რომ 200 მ.-ს ქვემოთ, წყალი დიდი რაოდენობით გოგირდწყალბადს შეიცავს და ლითონთან შეხების დროს, მის კოროზიას იწვევს. დღეს გოგირდწყალბადიანი წყლის ზღვარი 150-200 მ. სიღრმეზე გადის. მაგრამ, შესაძლებელია შორეულ წარსულში, ის ბაქტერია, რომელიც ამ ნივთიერებას წარმოქმნის, წყლის ზედა ფენებშიც იყო, რადგან როგორც ძველი მეზღვაურები ამბობდნენ, შავ ზღვაში ცურვის დროს, მათი გემები შავი აპკით იფარებოდა და ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, თითქოს ზღვაში შავი წყალი იყო.
ყველაზე სახიფათო თევზი შავ ზღვაში ზღვის დრაკონია. მის ზურგზე განთავსებული ეკლები და ფარფლი, ასევე ლაყუჩების საფარი ძლიერმოქმედ შხამს შეიცავს.
გარდა ამ თევზისა, ასევე სახიფათოა შავი ზღვის მორიელი და სკატი, რომელსაც კუდის ბოლოს შხამიანი წვეტი აქვს.
დიდი ზომის ზვიგენების სახეობებიდან, შავ ზღვაში, მხოლოდ ქიცვიანი ზვიგენი, კატრანი, ბინადრობს. მას ადამიანების ეშინია და ნაპირებთან იშვიათად ჩნდება. ერთადერთი ხიფათი, რაც ადამიანებს ამ ზვიგენებისგან ელით, მათ ზურგზე განლაგებული შხამიანი ეკლებია.
ასევე, საინტერესოა, რომ შავ ზღვაში ბინადრობს ერთი უჩვეულო სახეობის პლანქტონი – ე. წ. ღამის მანათობელი, რომელსაც ფოსფორიზაციის უნარი აქვს და ამის გამო, აგვისტოში, ხანდახან, შავი ზღვა ანათებს.
წყაროები: intermedia.ge; mastsavlebeli.ge
მთავარი ფოტო: intermedia.ge