შინაგან საქმეთა სამინისტრო ,,გირჩი მეტი თავისუფლების“ წევრს ცოტნე კობერიძეს სასამართლოში უჩივის. ამის შესახებ ინფორმაციას პარტია ავრცელებს.
ცოტნე კობერიძემ 3 აპრილს ბათუმში, ქუჩაში მიმავალ ირაკლი ღარიბაშვილს ,,ბიძინას მონა“ უწოდა, რისთვისაც ის დააკავეს, თუმცა მოგვიანებით სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო. შსს აღნიშნულ გადაწყვეტილებას სააპელაციოში ასაჩივრებს.
,,3 აპრილს ჩვენი პოლიტიკოსი და თბილისის საკრებულოს წევრი ცოტნე კობერიძე დააკავეს, რადგან პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ბათუმის ბულვარში სეირნობისას “ბიძინას მონა” უწოდა.
სასამართლომ ცოტნე კობერიძე უდანაშაულოდ ცნო და საქმის წარმოება შეწყვიტა.
ახლა შინაგან საქმეთა სამინისტრო მას სააპელაციო სასამართლოში უჩივის.
ცდილობენ დაამტკიცონ, რომ აგინა, წინააღმდეგობა გაუწია, დაამცირა და ამის გამო, რამდენიმე ათასი ლარით დაჯარიმება ემუქრება.
ოთხ დღეში ცოტნეს ისევ მოუწევს საკუთარი თავის დაცვა. ან ისევ უდანაშაულოდ ცნობენ, ან ღარიბაშვილისთვის “ბიძინას მონის” დაძახების გამო დაყადაღებული ანგარიშებით მოუწევს ცხოვრების გაგრძელება“ _ ნათქვამია პარტიის განცხადებაში.