პუტინის ახლო მეგობრის ვიქტორ მედვედჩუკის ცოლი ოქსანა მარჩენკო აცხადებს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქმრის გათავისუფლების შესახებ მისი მოთხოვნა უპასუხოდ დატოვა.
როგორც მარჩენკო აცხადებს, მას ქმრის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.
"სამწუხაროდ, ჩემს მიმართვაზე პასუხი ჯერ არ მიმიღია. არ ველოდები რეაგირებას ვოლოდიმირ ზელენსკისგან, ის არ პასუხობს მსგავს კითხვებს, მას თავისი კანონები აქვს. ამჟამად ჩვენ არ ვიცით ჩემი მეუღლის ადგილსამყოფელი, რაც შეუძლებელს ხდის სათანადო სამართლებრივი დაცვითა და სამედიცინო ზედამხედველობით მის უზრუნველყოფას. ვიქტორს უკრაინია ტერიტორია არცერთი დღით არ დაუტოვებია. ვცდილობდი, დამერწმუნებინა, რომ წასულიყო, მაგრამ მან თქვა, რომ ყველაფერს გაუძლებდა" _ თქვა მან.
მარჩენკოს თქმით, უკრაინელი პოლიტიკოსის ოჯახს უკრაინაში არსებული მთელი ქონება ყოველგვარი დოკუმენტაციისა და გადაწყვეტილების გარეშე ჩამოერთვა. ,,უკრაინის ხელისუფლებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მთელი ჩვენი ქონება ჩამორთმეული იყო, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს დოკუმენტები და გადაწყვეტილებები. არ არსებობს სასამართლო ან სხვა ინსტანციები. ასევე, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვყავს ზრდასრული შვილები, რომელთა ინტერესებიც არ არის გათვალისწინებული“ - განაცხადა მან.
"მე არ მივტირი ქონებას. მე მინდა გავათავისუფლო ჩემი ქმარი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი" - დასძინა მარჩენკომ.
პრორუსული პოლიტიკოსი, ვლადიმერ პუტინის ახლო მეგობარი და მისი ნათლიმამა ვიქტორ მედვედჩუკი უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა 13 აპრილს დააკავა. გასულ წელს უკრაინის ხელისუფლებამ მედვედჩუკის წინააღმდეგ ღალატის ბრალდებით საქმე აღძრა, თუმცა თავად მედვედჩუკი დანაშაულს უარყოფს.