საქართველოს პარლამენტში ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. კანონპროექტი იმ პატიმრებისთვის შეღავათების დაწესებას ითვალისწინებს, რომლებსაც პანდემიის გამო კომუნიკაციაზე გაწესებული შეზღუდვების პირობებში მოუწიათ სასჯელის მოხდა.
როგორც ინიციატივის ავტორმა, ,,ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, კოვიდპანდემიის დაწყების შემდეგ სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში გარკვეული შეზღუდვების გატარების საჭიროება გაჩნდა და პატიმრებს კომუნიკაციის უფლება უსაფრთხოებიდან გამომდინარე ნაწილობრივ შეეზღუდათ. კანონპროექტი ითვალისწინებს, იმ პატიმრებს, რომლებსაც ამ შეზღუდვების პერიოდში მოუწიათ სასჯელის მოხდა, სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში გატარებული ყოველი 4 დღე სასჯელის 5 დღის მოხდად ჩაეთვალოთ, რაც მათთვის მისჯილი სასჯელის გადაანგარიშებას გამოიწვევს.