ეს არის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადების პირველი, უსერიოზულესი ნაბიჯი და შეიძლება ვთქვათ, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადების პროცედურა დაიწყო. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა. მისი თქმით, გაწევრიანება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია და საქართველოს ამ გზაზე ბევრი მუშაობა მოუწევს.
,,პროცედურის შემდეგი ეტაპია ევროკომისიის მიერ განმცხადებელი ქვეყნის მზაობის შეფასება, რის შემდეგაც ევროკავშირის საბჭო, წევრი ქვეყნები ერთხმად მიიღებენ გადაწყვეტილებას ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების და შემდეგ უკვე მოლაპარაკებების პროცესის დაწყების თაობაზე. ის ფაქტი, რომ ევროკავშირს ასეთი მყისიერი რეაქცია ჰქონდა ასოცირებული ქვეყნების განცხადებაზე, კიდევ ერთხელ ადასტურებს ევროკავშირის მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნების სუვერენული უფლებისადმი, შეუერთდნენ ევროპულ ოჯახს.
კარგად გვესმის, რომ ევროკავშირში გაწევრიანება საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია. საქართველოს ბევრი მუშაობა მოუწევს ამ გზაზე და დღეს, ისე როგორც არასდროს, საჭიროა საზოგადოების ერთად შეკვრა და ერთსულოვანი ძალისხმევა საბოლოო წარმატების მისაღწევად. საქართველო განაგრძობს ქვეყნის წინაშე არსებული ამოცანების შესრულებას.
მივესალმები ევროკავშირის საბჭოს ამ გადაწყვეტილებას და იმედს ვიტოვებ, რომ მიმდინარე წელი იქნება ისტორიული და გარდამტეხი თავისუფლებისთვის მებრძოლი სამი ქვეყნისთვის“ _ განაცხადა დავით ზალკალიანმა.
ევროკავშირში წევრი ქვეყნების ელჩები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატად უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის შესახებ მოსაზრებები ევროკომისიამ წარადგინოს.