რას ნიშნავს საქართველოს ქალაქების სახელწოდებები
საინტერესოა, საიდან მომდინარეობს საქართველოს ქალაქების სახელწოდებები. სტატიაში რამდენიმე მათგანს წარმოგიდგენთ.
ქუთაისი - ამ ქალაქის დაარსების ისტორია და სახელწოდება დღემდე კამათის საგანია. ისტორიკოს დიმიტრი მეღვინეთუხუცესიშვილის (XIX ს.) ცნობით: „ამბობენ მითომ ქუთაისის სახელი შემდგარიყოს სამთა სიტყვათაგან: ქვა მთა ისი (ესე იგი ქვიან მთაზედ ქალაქი) და შემდგომ ჟამთა ცვლილებისა, უწოდებენ აწ ქუთაისი.“
სიღნაღი - თურქული წარმოშობის სიტყვაა (თურქ. sığınak) და „თავშესაფარს“ ნიშნავს.
გურჯაანი - ამ სახელის წარმოშობასთან დაკავშირებით ხალხურ გადმოცემებში მრავალი ვერსია არსებობს. ერთ-ერთი ისტორიულად დასაბუთებული ვერსიის თანახმად, ამ სახელს თურქული წარმოშობა აქვს: სიტყვა „გურჯ“ თურქულია და ქართველს ნიშნავს, ხოლო „გურჯაანი“ - ქართველთა სადგომს.
თელავი - პირველად მოხსენიებულია ძველი ბერძენი გეოგრაფის, პტოლემეს (II ს.) „გეოგრაფიაში“ „Teleda-ს“ ფორმით. ქართულ წყაროებში გვხვდება XI საუკუნიდან, როდესაც იგი კახეთ-ჰერეთის სამთავროს ცენტრი გახდა.
ზესტაფონი - სახელწოდება ზესტაფონი, გადმოცემის თანახმად, მომდინარეობს ზედა ფონისაგან (მდ. ყვირილაზე).
ბათუმი - ქალაქის სახელწოდება „ბათუმი“ მოდის სიტყვიდან (ბერძ. Bathus) - „ბათუსი“, რაც ღრმას ნიშნავს. პირველად ის მოხსენიებული აქვს რომაელ მწერალ ილინიას (23-79).
ხულო - სახელწოდება „ხულოს“ ძველი ფორმაა „ხულა“ და ნიშნავს სავაჭრო სახლს. შუა საუკუნეებში აქ გადიოდა სავაჭრო-საქარავნო გზა, რომელიც სამცხე-ჯავახეთს გოდერძის უღელტეხილით აჭარა-შავიზღვისპირეთთან აკავშირებდა.
ზუგდიდი - ვარაუდობენ, რომ სახელწოდება წარმოიშვა ზურგ-დიდიდან (ე. ი. დიდი გორიდან; კოლხურად „ზუგი/სუკი“ ბორცვი, ფერდობი) ან კიდევ გეოგრაფიული სახელწოდება ზუბი-დან (ზუბ-დიდი).
სენაკი - სულხან-საბა ორბელიანი „სიტყვის კონაში“ ასე განმარტავს სიტყვა „სენაკს“: „მცირე სახლაკი. მონაზვნის სადგომი მცირე. კელენი, მცირე სადგომი“. გადმოცემით, დღევანდელი ძველი სენაკის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესიის მახლობლად შუა საუკუნეებში მოუწყვიათ სასულიერო პირებისთვის ან სავაჭრო დანიშნულებისთვის პატარა ოთახები, საიდანაც, სავარაუდოდ, მომდინარეობს ადგილის სახელწოდება.
რუსთავი - IV საუკუნის ბოლო მეოთხედში მტკვრიდან ყარაიას ველებამდე გაიყვანეს სარწყავი არხი, ანუ რუ. სწორედ ამ არხიდან მიიღო ქალაქმა სახელწოდება - რუსთავი, ანუ რუს, სარწყავი არხის სათავე.
წყარო: primetime.ge
მთავარი ფოტო: imedinews.ge