მე-19 ს-ის თბილისში ანანოვების სახელი არა მარტო თბილისში, არამედ რუსეთსა და საფრანგეთშიც კი ყველამ იცოდა. ძმები ანანოვები იყვნენ პირველი გილდიის ვაჭრები, ცნობილი მეწარმეები და მეღვინეები. ფლობდნენ აჯამეთის ტყეს და ამ აჯამეთის ტყესთან დაკავშირებულ ხე-ტყის წარმოებას.
საქართველოში პირველად, ვარციხის ქარხანაში დამზადდა სამარკო ღვინო „ცოლიკაური“. იქაური ღვინო მასალისაგან გამოხდილი სპირტების ბაზაზე, კონიაკის ცნობილმა სპეციალისტმა ვახტანგ ციციშვილმა, საუცხოო კონიაკი „ვარციხე“ შექმნა.
1866 წელს, ალექსანდრე ანანოვის ვაჟიშვილები მიხრან და აბგარ ანანოვები, გაემგზავრნენ პეტერბურგში და რკინიგზის ადმინისტრაციაში სოლიდური თანხის გადახდის სანაცვლოდ, მოახერხეს პროექტის შეცვლა და სარკინიგზო მაგისტრალის ქალაქ ქუთაისის ნაცვლად სოფელ რიონში, თავიანთ მამულში გამოტარება. ანანოვების ინტერესი დაკმაყოფილდა, ბიზნესის წარმოება მათთვის გაიოლდა, მაგრამ ქუთაისი დიდი ხნით ჩამორჩა რკინიგზის მაგისტრალს, ეკონომიკური ჩიხი გახდა და ისედაც ღარიბი ქალაქი უფრო ცუდ დღეში აღმოჩნდა. ამბობენ, რომ ანანოვები მოგვიანებით მიხვდნენ საკუთარ შეცდომას და როდესაც რკინიგზის ხაზი ქუთაისზე გავიდა, დიდი წილი თანხა ამ პროექტის დასაფინანსებლად სწორედ ანანოვებმა გაიღეს.
ანანოვები სიკეთის კეთებითაც იყვნენ ცნობილები. მათ დააფინანსეს გერმანული პანსიონი, რომელშიც დღესაც სკოლაა განთავსებული და ერთ-ერთ მისტიკურ შენობად ითვლება სოლოლაკში. მათ სახელს უკავშირდება ასევე ყრუ-მუნჯ ბავშვთა პანსიონის აშენება და მაქსიმე ანანოვი მთელი ცხოვრება ინახავდა ამ პანსიონს. მათი ღვინო, კონიაკი და შამპანური ცნობილი იყო არა მხოლოდ რუსეთში, არამედ მთელ ევროპაში.
ფოტო: commersant.ge
ფოტო: Facebook
მთავარი ფოტო: საქართველოს რკინიგზა