ახლა გარჩევების დრო არ არის - მეუფე იაკობი
მეუფე იაკობმა ქადაგებისას შერიგებაზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა საზოგადოების შერიგების აუცილებლობას და აღნიშნა, რომ ახლა გარჩევების დრო არ არის.
„ჩვენ ერთმანეთს დავამარცხებთ, თუ არ გავიაზრეთ, წინ რა გველოდება. ერთი რაღაც იმედს მაძლევს, რამდენიმე წელია შერიგებაზე ვლაპარაკობ, შენდობას ვითხოვ - ცოტა მძიმედ ვიტყვი ახლა - სხვებივით არ ვამბობ ხოლმე, როგორც სადღეგრძელოს, ვიცი, რა უნდა გაკეთდეს, რომ ერი გავერთიანდეთ, ასე გაყოფილი აღარ ვიყოთ, ცოტანი ვართ და ყველა მხარეს ყველა ჩვენია. განა არ შემიძლია, მართლის და მტყუანის გარჩევა? მაგრამ დღეს ის დროა, მხარეს ვეღარ ირჩევ, ჩვენ შეიძლება ერთი მხარე ავირჩიოთ, ეს არის საქართველო. საქართველო ჩვენი ქვეყანაა, ჩვენი სამშობლოა, ჩვენი სახელმწიფოა და სხვა სამშობლო ჩვენ, ქართველებს და აქ მცხოვრებლებს არ გაგვაჩნია.
დღეს მთავარია, რომ ქართველებმა ერთმანეთთან მისასვლელი გზები ვიპოვოთ. თუ არა ეკლესიაში, შანსი არ არის ჩვენი შერიგების. ეკლესიაში შერიგება იმას ნიშნავს, რომ ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით, დღეს არ ვუფრთხილდებით ერთმანეთის ღირსებას. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, მე ვიქნები, სხვა იქნება, საზოგადოების სხვა ნაწილი იქნება, თუ ხელისუფლებები, ის შეცდომები და დანაშაულები, რაც ჩვენ ერთმანეთის მიმართ მიგვიძღვის, დაწყებული - თავისუფლებას და დამოუკიდებლობას როგორ მოვეპყარით, დაიწყეს ძმათა მკვლელი ომი, დავზარალდით ქვეყანა, დღეს როგორ მდგომარეობაში ვართ, მაგრამ იმედით ვარ აღსავსე, რადგან ამ ბოლო პერიოდში ყველა ლაპარაკობდა შერიგებაზე. ვფიქრობ, ვნახავთ გზას, რომ შევიკრიბოთ ეკლესიაში, ძალიან ბევრისთვის გვაქვს მძიმე სათქმელი, იმათაც თუ რამე აქვთ სათქმელი, გვითხრან ჩვენც, მაგრამ სჯობს, ეკლესიაში მოხდეს, რადგან ეკლესიაში ერთმანეთის ღირსებას გავუფრთხილდებით. იცით, მე როგორი ვარ ხოლმე გამონათქვამებში, რამდენი ხანია, ჩუმად ვარ, არ მინდა ისეთი რამე გავაკეთო, რომ რომელიმე მხარეს აღმოვჩნდე. შერიგებას მოახდენს ის ხალხი, რომელიც მხარე არ იქნება და ვინც საქართველოს მხარეს იქნება. თუ მხარეს დადექი, ეპისკოპოსი მთავრობის მხარეს თუ დავდექი, ან ვიღაცების მხარეს დავდექი, არ გამოვა ასე, რადგან ვხედავ, რომ ჩვენ ერს ერთად ყოფნა უნდა. ქუჩაში სირბილი კალიების შემოსევა ხომ არ არის? „სარანჩებივით“ დავჭამოთ ერთმანეთი, ისინი მოსავალს ჭამენ, ჩვენ ერთმანეთს ვჭამთ, რაღაც ერთმანეთთან მისასვლელი გზები უნდა ვნახოთ“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მთავარი ფოტო: reginfo.ge