საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით საუბრობს. მისი თქმით, გლდანის დაწესებულებაში მკურნალობის თუ სხვა ჰოსპიტალში გადაყვანის გადაწყვეტილებას, პენიტენციური სამსახური ექიმების ოფიციალური დასკვნის საფუძველზე მიიღებს.
„მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობაზე რამდენიმე საექიმო მეთვალყურეობა არსებობს. როგორც ვიცი, ამჟამად მისი მდგომარეობა სტაბილურია და გადაწყვეტილებას მისი იქ მკურნალობა იქნება თუ სხვა ჰოსპიტალში გადაყვანა, მიიღებს ექიმების ოფიციალური დასკვნის საფუძველზე პენიტენციური სამსახური. ერთი რამ ვიცოდეთ, ყველაზე მეტად, თუ ვინმეა დაინტერესებული მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, ჯანმრთელობის შენარჩუნებით და მისი შიმშილობის შეწყვეტით, ეს არის ხელისუფლება, რადგან ვხედავთ, ოპოზიცია თავისი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე სპეკულირებს მისი შიმშილობით და ჯანმრთელობის მდგომარეობით. ამ შიმშილობის უკან რა დგას, ეს არის მთავარი გასათვალისწინებელი. შიმშილობა საპატიმრო ცხოვრებისთვის დამახასიათებელია და ამის მართვა ყოველთვის ხდებოდა. პატიმრები რაღაც მომენტში წყვეტდნენ შიმშილობას, მათ ყველა მოუწოდებს ხოლმე ამისკენ, ამ შემთხვევაში ცოტა სხვა რამესთან გვაქვს საქმე, ამხნევებენ გარედან, რომ არ შეწყვიტოს შიმშილობა, რადგან ეს პოლიტიკური მიზნებისთვის გვჭირდება - მისი მომხრეების ნარატივი ეს არის. სააკაშვილის საბოლოო მიზანი, მისი ჩამოსვლის, მისი მომხრეების მიზანი არის ის, რომ საბოლოო ჯამში, ქვეყანაში არეულობის გზით ხელისუფლებაში რაღაც ცვლილებას მიაღწიოს, ესეც გასათვალისწინებელია, მაგრამ პირველ რიგში, ხელისუფლება ყოველთვის ითვალისწინებს ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, ამიტომ ის იქნება დაცული და თუ აუცილებლობა დადგა, მიღებული იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება“ - განაცხადა ქადაგიშვილმა.
მთავარი ფოტო: 1tv.ge