„ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა, გადაცემა „ნიუსრუმში“ სააკაშვილის შიმშილობის პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არ არის კლასიკური გაგებით შიმშილობა და ოპოზიციური სპექტრის მიერ ამ პროცესისადმი სპეკულირება ხდებოდა.
„უკვე 50 დღე შესრულდება, რაც შიმშილის ქრონიკაა გამოცხადებული. სპეკულირება ხდებოდა ოპოზიციური სპექტრის მიერ ამ პროცესისადმი, მუდმივად გვესმოდა - კვდება, კვდება, კვდება... ეს ზაფრავდა საზოგადოებას და ყველა ადამიანზე მოქმედებს, რა პოლიტიკურ პოზიციაზეც არ უნდა იყოს. მადლობა ღმერთს, აღმოჩნდა, რომ მისი შიმშილობის პროცესი არ არის კლასიკური გაგებით შიმშილობა და აქვს სათანადო სამედიცინო უზრუნველყოფა. აგრეთვე გადაიყვანეს პრევენციულად ისეთ მულტიფუნქციურ კლინიკაში, სადაც ყველა პირობაა, რომ ნებისმიერი სახის გართულება წინასწარ მართული იყოს - დაწყებული რეანიმაციიდან, დამთავრებული სხვა ათასგვარი საშუალებებით.
პენიტენციური სამსახური იძულებული გახდა მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საზოგადოება ცოტა დაეწყნარებინა - კი, ამ პატიმარს პოლიტიკურად გაცხადებული შიმშილობა აქვს, მაგრამ ეს შიმშილობის რეჟიმი გარკვეული კვებით და მკურნალობით რეჟიმშია მოქცეული, ამიტომ მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. სამწუხაროდ, რჩება შთაბეჭდილება, რომ ყველა მოწოდებულია, რომ ეს ადამიანი შიმშილობით დამძიმდეს. არავინ ამბობს, რომ არ იშიმშილოს. საჯაროდ უნდა მოუწოდონ, შეწყვიტე შიმშილობა, იმიტომ, რომ ამ შიმშილობით სარგებლობს არა თვითონ, ვინც შიმშილობს, არამედ ამით საზოგადოების დაზაფრვა და სიტუაციის ესკალაცია არის მიზანი“ - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მთავარი ფოტო: digest.pia.ge