საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. პატრიარქის გზავნილი მესამე პრეზიდენტს ილია მეორეს მდივანმა, მამა მიქაელ ბოტკოველმა გადასცა, რომელიც რუსთავის მე-12 ციხეში მივიდა.
როგორც მიქაელ ბოტკოველმა სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პატრიარქის თხოვნის მიუხედავად, მიხეილ სააკაშვილი შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებს.
,,გადავეცი ბატონ მიხეილ სააკაშვილს მისი უწმინდეობის წერილი, სადაც მისი უწმინდესობა მას კიდევ ერთხელ სთხოვს, რომ შეწყვიტოს შიმშილობა, ის წუხს იმის გამო, რომ ამდენი ხანია შიმშილობს. ბატონმა მიხეილმა მადლობა გადაუხადა მის უწმინდესობას, უკვე მეორედ ვესტუმრე მას აქ. სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ის ძალიან პატივს სცემს მის უწმინდესობას და დამავალა, გადავცე, რომ ის კვლავ გააგრძელებს შიმშილობას, რადგანაც ეს არის მისი პრიცნიპული პოზიცია და ამ პოზიციაში რაიმე კორექტირებების შეტანას, ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე, არ აპირებს“ _ აღნიშნა მიქაელ ბოტკოველმა.
აქვე ბოტკოველი იმასაც აღნიშნავს, რომ პატრიარქს შეწყალების უფლებამოსილება არ აქვს და ასეთ საკითხებზე იგი ხელისუფლებას მხოლოდ რეკომენდაციებით მიმართავს.
,,მის უწმინდესობას არ აქვს ასეთი უფლებამოსილება, რომ თვითონ შეიწყალოს. მან უნდა მიმართოს, რა თქმა უნდა, მოქმედ ხელისუფლებას, ამ შემთხვევაში პრეზიდენტს. მაგრამ მისი შუამდგომლობით, ეკლესიის შუამდგომლობით, რა თქმა უნდა, ასეთი შემთხვევები ყოფილა, მთელი ამ ათწლეულების განმავლობაში" _ განმარტავს ბოტკოველი.