საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. უკრაინელ კოლეგასთან ერთად გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე სალომე ზურაბიშვილი ოკუპაციის თემას შეეხო.
„დღეს გვაერთიანებს არა მხოლოდ ჩვენი საუკუნოვანი მეგობრობა, არამედ პარალელური ამოცანები და ერთობლივი მიზნები. ეს არის ჩვენი ქვეყნებისა და ტერიტორიების დეოკუპაცია, ევროკავშირისა და ნატო-სკენ მიმავალი გზა, ორმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაზრდა. დეოკუპაცია არის ჩვენი ქვეყნების ტკივილი, წუხილი და გამოწვევა. საქართველოს ამოცანაა დეოკუპაცია და ამ კუთხით ახალი სტრატეგიის ჩამოყალიბება, დებორდერიზაცია, ადამიანის უფლებების დაცვა. არ შეიძლება არ აღვნიშნო სტრასბურგის სასამართლოს დასკვნა, რაც არის საქართველოს ძალიან დიდი გამარჯვება. არ შეიძლება გაგრძელდეს რუსეთისგან ყოველდღიური პროვოკაციები დელიმიტაციის ხაზზე და გატაცებები. დღესაც მინდა, კიდევ ერთხელ ვახსენო ჩვენი მოქალაქე, ზაზა გახელაძე, რომელიც 12 წლით არის დაკავებული და სახელმწიფოს ყველა უწყება მუშაობს მის გასათავისუფლებლად. ჩვენი ყველა პარტნიორისგან ველოდებით ამ კუთხით პირდაპირ მხარდაჭერას. ჩვენი გზა დეოკუპაციისკენ ნათელია, ეს არის მშვიდობიანი გზა. ამ მიმართულებით საქართველომ გააკეთა თავისი განაცხადი და უარი თქვა ნებისმიერი ძალის გამოყენებაზე. მინდა მოვუწოდო რუსეთს, იგივე გზას გაყვეს. ამ რეგიონში და საერთოდ, დღევანდელ მსოფლიოში, პანდემიის მერე, ბოლოს და ბოლოს უნდა მივხვდეთ, რომ სხვა გზა არ არის, თუ არა სტაბილიზაციის, დეესკალაციის და ბოლოს, დიალოგის. დიალოგს სჭირდება დეესკალაცია და მინდა ეს ძალიან მკაფიოდ ვთქვა ამ ადგილას“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მთავარი ფოტო: Facebook