საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღეს ეხმაურება. მისი თქმით, ქვეყანაში შშმ პირთა უფლებების დაცვა ყველა მოქალაქის ვალდებულებას წარმოადგენს.
"14 ივნისი არ არის საზეიმო თარიღი, რომელსაც ვულოცავთ ერთმანეთს, ეს არის უფლებების დაცვის დღე, რა დროსაც ვახდენთ მეტ ფოკუსირებას შშმ პირთა უფლებებზე, საჭიროებაზე და ინტერესებზე, რათა შემდგომ, კალენდრის ყოველ დღეს, შშმ პირთა კარნახით ვიმუშაოთ თანაბარი გარემოს, ადეკვატური სოციალური გარანტიების, მისაწვდომობის, ღირსეული საცხოვრისის, დისკრიმინაციის აღმოფხვრისა და ადვოკატირების უზრუნველყოფაზე.
აუცილებელია, ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომლის შედეგებიც უსწრაფესად მივა შშმ პირებამდე. განსაკუთრებით, მსოფლიო პანდემიის ფონზე, რისი ნეგატიური შედეგებიც ყველაზე მეტად შშმ პირთა ყოველდღიური ცხოვრების ხარისხზე აისახა. ამის რეალური საფუძვლები უნდა გაჩნდეს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში, რომელზეც შშმ პირებთან და მათ წარმომადგენლებთან ერთად უკვე სექტემბრიდან უნდა დავიწყოთ აქტიური კონსულტაციები" - წერს "ქართული ოცნების" დეპუტატი.
ფოტო: facebook