გუშინ ღამით საბერძნეთში სამგზავრო და სატვირთო მატარებლები ერთმანეთს შეეჯახა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 36-ზე მეტი, ხოლო დაშავებულია ათობით ადამიანი. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა 20-დან 30 წლამდე ახალგაზრდები იყვნენ, ვარაუდობენ, რომ ისინი სალონიკის უნივერსიტეტის სტუდენტები არიან, რომლებიც უქმე დღეების შემდეგ ათენიდან ბრუნდებოდნენ. ოფიციალური პირების თქმით, მსხვერპლის რაოდენობა შესაძლოა კიდევ გაიზარდოს.
,,ეს წარმოუდგენელი ტრაგედიაა. ჩვენი ფიქრები დაღუპულთა ნათესავებთანაა... ერთის გარანტია შემიძლია მოგცეთ - გავარკვევთ ამ ტრაგედიის მიზეზებს და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს აღარასოდეს განმეორდეს“ _ შემთხვევის ადგილიდან განაცხადა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება, ცდილობენ გაარკვიონ, თუ რატომ იყო ორი მატარებელი ერთ ლიანდაგზე.