გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლის, დავით ბალავაძის განცხადებით, გეგმიური შემოწმებისას 300 000-მდე გაზის მომხმარებლიდან 11 000 აბონენტთან დარღვევა გამოვლინდა
მისივე თქმით, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ინტოქსიკაცია მიიღო 700-მდე ადამიანმა, ხოლო გარდაიცვალა 150 ადამიანი.
„კომპანია ,,თბილისი ენერჯის“ სპეციალისტები წელიწადში ერთხელ დადიან და ამოწმებენ ბინებში გაზის ქსელს და დანადგარებს, რამდენად შესაბამისობაშია ტექნიკური და უსაფრთხოების ნორმებთან. ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში ჩვენს სპეციალისტებს ადგილზევე აქვთ რეაგირება. მიმდინარე წლის გეგმიური შემოწმების სტატისტიკა რომ გაგაცნოთ, დღეის მონაცემებით, გადამოწმებულია 300 ათასამდე გაზის მომხმარებელი და მათგან დარღვევა აღმოჩენილია 11 ათას მომხმარებელთან. ჩვენმა სპეციალისტებმა მიმდინარე წელს 11 ათასი გაზის ისეთი დანადგარი ჩახსნეს, რომელიც ადამიანის სიცოცხლისთვის იყო საშიში. აქვე აღვნიშნავ, რომ წინა წლებთან შედარებით, დარღვევების სტატისტიკა მნიშვნელოვნად არის შემცირებული. მაგალითისთვის, 2018 წელს ჩახსნილი დანადგარების რაოდენობა 60 ათასზე ოდნავ მეტი იყო, 2019 წელს – 40 ათასი და 2021 წელს- 11 ათასი.
რაც შეეხება მოწამვლის და გარდაცვალების სტატისტიკას, ბოლო 6 წლის განმავლობაში, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად, ინტოქსიკაცია მიიღო 700-მდე ადამიანმა, ხოლო გარდაიცვალა 150 ადამიანი. მიმდინარე წელს ეს სტატისტიკაც არის შემცირებული, 10 ადამიანი გვყავს გარდაცვლილი“ _ განაცხადა დავით ბალავაძემ.