,,ბოლო წლებში მომხდარი არა ერთი ტრაგედია როგორც პოლიტიკური, ისე სისტემური პრობლემის შედეგია“ _ ალეკო ელისაშვილი
ერთი თანამდებობის პირი მითხარით, რომელმაც ამ წლების განმავლობაში მომხდარი რომელიმე ტრაგედიის შემდეგ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და გადადგა, ან ერთი თანამდებობის პირი მითხარით, რომელიც პოლიციამ დააკავა. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, არა მხოლოდ ვაკის პარკის ტრაგედია, არამედ ბოლო წლებში მომხდარი არა ერთი ტრაგედია როგორც პოლიტიკური, ისე სისტემური პრობლემის შედეგია.
,,რამდენიმე მძიმე ამბავი მინდა შეგახსენოთ და მიხვდებით, რისი თქმაც მინდა, 2009 წელს დიღომში სტადიონზე თამაშობდნენ ბავშვები ფეხბურთს, კარის ძელი, რომელიც არასწორად იყო დამონტაჟებული, 9 წლის ბიჭს დაეცა და დაიღუპა. 2009 წელსვე რუსთაველის შენობის რემონტის დროს ჩამოინგრა შენობა და ორი ადამიანი დაიღუპა. 2018 წელს ვარკეთილში ჩამოვარდა მეტროს ჭერი, დაშავდა 3 ადამიანი, ღვთის წყალობით არავინ დაღუპულა. ზუსტად ერთი წელი გავიდა ბათუმის ტრაგედიიდან, სადაც სადარბაზოს, რომელიც ისედაც ავარიული იყო, მიმდინარე რემონტის დროს საყრდენი კედელი გამოუთხარეს არასწორად, ჩამოინგრა მთელი სადარბაზო და დაიღუპა 9 ადამიანი, მათ შოროის 3 ბავშვი და ერთ ოჯახში დაიღუპა 4 ადამიანი. ახლა ვაკის პარკში მოხდა ეს ამბავი, რაც მოხდა, და რომ არა ერთი თავზეხელაღებული გმირი კაცი, დაღუპული ბავშვების ოდენობა სამამდე გაიზრდებოდა, ღვთის წყალობით ორი ბავშვი გადარჩა, სამწუხაროდ 13 წლის ანგელოზი ბავშვი დაიღუპა. ხომ ხედავთ, რამხელა სიაა? რა არის ამ ყველაფრის მიზეზი? აქ არის ორი მიზეზი, პირველი მიზეზი - ერთი თანამდებობის პირი მითხარით, რომელმაც ამ წლების განმავლობაში მომხდარი რომელიმე ტრაგედიის შემდეგ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და გადადგა, ან ერთი თანამდებობის პირი მითხარით, რომელიც დააკავა პოლიციამ. ეს არის ყველას პრობლემა, ეს არის პოლიტიკური პრობლემაც, მორალური პრობლემაც და სისტემური პრობლემაც. ჩემი კეთილი რჩევა იქნება, რომ ქალაქის მერმა და რამდენიმე თანამდებობის პირმა, ვისაც რეაბილიტაცია, ჩაბარება და ა.შ. ეხებოდა, გამოძიების დასრულებამდე მაინც შეიჩერონ უფლებამოსილება, ეს იქნება სწორი. ახლა რაც შეეხება სისტემურ პრობლემას, სინამდვილეში აქ არის სისტემური პრობლემა - როგორ ტარდება ტენდერები, რის საფუძველზე ტარდება ტენდერები, ვინ მონაწილეობს ამ ტენდერებში. როგორ შეიძლება წლიდან წლამდე ამაზე ვლაპარაკობდეთ. კომპანია, რომელმაც ვარკეთილში მეტროსადგური ააშენა, შავ სიაში იყო, რომელსაც არანაირი გამოცდილება არ ჰქონდა მეტროსადგურში მუშაობის, რაც ძალიან სპეციფიური სამუშაოა. ყველაზე მნიშვლელოვანი პრობლემა ექსპერტიზაა - გადაიხდი 300 ლარს და რასაც გინდა დაგიწერენ, ზღვაზე გეტყვიან, რომ კლდოვანი გრუნტია, კლდეზე გეტყვიან, რომ ქვიშაა და ა.შ. რის მიხედვით ხდება აკრედიტაცია, რის საფუძველზე გაიცემა ეს საბუთები, ამაშია პრობლემა და აქ არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა. ასე რომ არ ვითვალოთ ეს სტატისტიკა და ყოველი მომხდარი ტრაგედიის შემდეგ ცრემლი არ გვადგებოდეს ხოლმე თვალზე, ჩვენ ვართ პარლამენტის წევრები და ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ ეს ყველაფერი სისტემურად გავმართოთ, რომ ასეთი ტრაგედიები აღარ ხდებოდეს.
მეორე ამბავი, რაც ასევე ჩვენ თვალწინ ხდება, გუშინ რუსთავში პიტბულმა დაგლიჯა ოთხი ადამიანი, ხელვაჩაურში იმავე დღეს ძაღლმა 5 წლის ბავშვი დაგლიჯა, ცოტა ხნის წინ ვარკეთილში დაგლიჯა 3 ადამიანი პიტბულმა, მანამდე კიდევ ოქროს უბანში დაგლიჯა. მე თვითონ ძაღლი მყავს და ცხოველებზე ჭკუა მეკეტება, მაგრამ აქაც არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა, ეს არის სისტემური პრობლემა, ნებაზე მიშვებული პრობლემა. საჭიროა რაღაც კონტროლი, რაღაც რეგულაცია. არ შეიძლება, რომ აგრესაიული ძაღლები, სპეციალურად, ხელოვნურად გამოყვანილი მებრძოლი ჯიშები ასე ალიკაპის გარეშე დაყავდეთ ქუჩაში. შეხედავ, მოდის პატარა კაფანდარა ბავშვი ან მოხუცი ქალი და მოყავს უშველებელი, ვეშაპივით ძაღლი, რომელსაც ალიკაპი არ უკეთია და რომ გაექცეს, იმის გამკავებელი ის არაა. ამის შედეგია, რომ ძაღლის მიერ დაგლეჯილი ამდენი ადამიანია. ეს ყველაფერი ხდება ჩვენ თვალწინ და რაღაცა არის გასაკეთებელი და ისევ ჩვენ უნდა მივხედოთ ამას. ეს ყველაფერი არ უნდა გადაგვეზარდოს ფობიებში და ძაღლებთან ბრძოლაში, მაგრამ რაღაცა შუალედი არის დასაცავი“ _ განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.