თბილისის მერიაში საკადრო ცვლილებები ხორციელდება. თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე წარადგინა კანდიდატები, რომლებიც მუნიციპალიტეტში სხვადასხვა თანამდებობებს დაიკავებენ.
კალაძის განცხადებით, ,,თბილისის განვითარების ფონდის“ დირექტორი ლევან ჯღარკავა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობას დაიკავებს, ფონდის დირექტორის პოზიციაზე კი გიორგი პაპავას კანდიდატურა წარადგინეს.
,,პირველ რიგში, მინდა მადლობა გადავუხადო ლევან ჯღარკავას, რომელიც თბილისის მთავრობაში სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებს იკავებდა. მინდა ვუსურვო მას წარმატებები უკვე გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის თანამდებობაზე. დარწმუნებული თავს წარმატებით გაართმევს.
,,თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელის პოზიციაზე კი გიორგი პაპავას კანდიდატურას წარვადგენთ. გიორგი არის პროფესიით იურისტი, დამთავრებული აქვს ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, აქვს სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურაში წამყვან პოზიციებზე მუშაობის ძალიან დიდი გამოცდილება. ის არის საქმის პროფესიონალი“ _ აღნიშნა კალაძემ.
კალაძის თქმით, შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე წარდგენილი იქნება ქეთევან შუბითიძის კანდიდატურა, მუნიციპალური ინსპექციის უფროსის ვაკანტურ თანამდებობას კი ლაშა მაჭავარიანი დაიკავებს. მუნიციპალური განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოზიციაზე მერმა გიორგი მარგებაძე წარადგინა.