1 სექტემბერს რუსეთი ჩინეთთან ერთობლივ მასშტაბურ სამხედრო წვრთნებს „ვოსტოკ-2022“ დაიწყებს. წვრთნები ჩატარდება აღმოსავლეთ ციმბირისა და შორეული აღმოსავლეთის სამხედრო პოლიგონებზე, ასევე იაპონიის ზღვაში და ერთი კვირა გაგრძელდება. მასში ჩაერთვება ჯარები რამდენიმე ყოფილი საბჭოთა ქვეყნიდან, ჩინეთიდან, ინდოეთიდან, ლაოსიდან, მონღოლეთიდან, ნიკარაგუადან და სირიიდან. წვრთნებში მონაწილეობას 50 000-ზე მეტი ჯარისკაცი და 5000 იარაღის ერთეული, მათ შორის 140 თვითმფრინავი და 60 საბრძოლო ხომალდი მიიღებს. ჩინეთის ჯარები უკვე ჩავიდნენ რუსეთში და მასიური წვრთნებისთვის მზადებას იწყებენ.
რუსეთის მხარის განცხადებით, ჩინეთის ძალებთან ერთად ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს დაიწყებს, რათა მოსკოვსა და პეკინს შორის მჭიდრო თავდაცვითი კავშირები აჩვენოს.
ბოლო წლებში ჩინეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მჭიდრო გახდა. ჩინეთი, რომელიც ოფიციალურად აცხადებს თავის „ნეიტრალურობას“, მხარს უჭერს რუსეთის ფედერაციას უკრაინის წინააღმდეგ ომში, პროპაგანდაში ადანაშაულებს აშშ-ს და ზოგადად დასავლეთს.
წვრთნები ასახავს მზარდ თავდაცვით კავშირებს მოსკოვსა და პეკინს შორის, რომელიც მას შემდეგ გაძლიერდა, რაც რუსეთმა თავისი ჯარები 24 თებერვალს უკრაინაში შეიყვანა. ჩინეთმა კატეგორიულად უარი თქვა რუსეთის ქმედებების კრიტიკაზე და თქვა, რომ ,,მთავარი წამქეზებელი" შეერთებული შტატებია. სანაცვლოდ, რუსეთმა ნენსი პელოსის ტაივანში ბოლო ვიზიტის შემდეგ აშშ-სთან დაძაბულობის დროს მტკიცედ დაუჭირა მხარი ჩინეთს.
მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვი და პეკინი წარსულში სამხედრო ალიანსის შექმნის შესაძლებლობას უარყოფდნენ, პუტინმა აღნიშნა, რომ ასეთი პერსპექტივა გამორიცხული არ არის. რუსეთმა და ჩინეთმა ბოლო წლებში არაერთი სამხედრო მოქმედების სერია გამართეს, მათ შორის საზღვაო წვრთნები.