შსს-მ ზესტაფონში დააკავა პირი, რომელმაც ვალთან დაკავშირებული კონფლიქტის დროს ავტომანქანაში თავისი ნაცნობი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით, ავტომობილი ხევში გადააგდო და ცეცხლი წაუკიდა, თავად კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
,,გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 15 ივლისს, ჭიათურის მუნიციპალიტეტში, ვალთან დაკავშირებით წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, ნაცნობს - 1982 წელს დაბადებულ ბ.ა.-ს, რომელიც თავის კუთვნილ ავტომანქანაში იმყოფებოდა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით თავის არეში ჭრილობა მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
ვ.ც.-მ, კვალის დაფარვის მიზნით, ავტოსაგზაო შემთხვევის ინსცენირება მოაწყო. კერძოდ, გარდაცვლილი მძღოლი მგზავრის სავარძელზე გადაიყვანა, მისი ავტომანქანის საჭესთან თავად დაჯდა, შემთხვევის ადგილიდან რამდენიმე კილომეტრის მოშორებით, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში ავტომობილი ხევში გადააგდო, შემდეგ სალონში ცეცხლი გააჩინა და მიიმალა.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლის წაკიდებით ნივთის განადგურების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით და 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“ _ ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.