,,ახლა ლენდ ლიზმა გააჩინა შესაძლებლობა, რომ მარტივად მოგვაწოდონ შეიარაღება, მაგრამ ჩვენ არხეინად ვართ“ _ ალეკო ელისაშვილი
ჩვენთვის გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა და ამ დროს ჩვენ ხმას არ ვიღებთ, არხეინად ვართ, თითქოს ის ქვეყანა, რომელიც ახლა უკრაინას ბომბავს, მანამდე ჩვენ არ გვბომბავდა, თითქოს რუსეთი ჩვენი ოკუპანტი არ იყოს და შუაგულ ქართლში მათი ჯარი არ იდგეს. ამის შესახებ ,,მოქალაქეების“ ლიდერმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ,,TV პირველის“ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ ლენდ ლიზის კანონპროექტზე ხელის მოწერამ, საქართველოს შესაძლებლობების ფანჯარა გაუხსნა.
,,რამდენიმე თვის წინ ევროკავშირში გაწევრიანების ან კანდიდატის სტატუსის მიღების არანაირი რეალური პერსპექტივა არ გვქონდა. ახლა სხვა მოცემულობაა, თუ აქამდე ლენდ ლიზი გვეგონა, რომ მარტო ისტორიული სახელმძღვანელოების ან დოკუმენტური ფილმების საკუთრება იყო, დღეს ჩვენს თვალწინ გაცოცხლდა, შესაბამისად ყველაფერი იცვლება. მაგრამ ჩვენ ვართ არხეინი ქვეყანა, დღესაც პარლამენტის სხდომაზე მთავარი თემა სააკაშვილი-ივანიშვილი იყო, თითქოს ამის გარდა არაფერი ხდებოდეს ჩვენს გარშემო, თითქოს უკრაინა არ იბომბებოდეს.
რამდენიმე საათის წინ მოაწერა ლენდ ლიზის კანონპროექტს ხელი ბაიდენმა, რაც ნიშნავს, რომ უკრაინას დაუბრკოლებლად, ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე მიაწვდიან იმდენ იარაღს, რამდენიც საჭირო იქნება. და ამ დროს ჩვენთან მთავარი თემა სააკაშვილი-ივანიშვილია.
ჩვენთვის გაიხსნა შესაძლებლობების ფანჯარა და ამ დროს ჩვენ ვართ გატრუნულები, საერთოდ ხმას არ ვიღებთ, თითქოს ის ქვეყანა, რომელიც ახლა უკრაინას ბომბავს, მანამდე ჩვენ არ გვბომბავდა, თითქოს რუსეთი ჩვენი ოკუპანტი არ იყოს და შუაგულ ქართლში მათი ჯარი არ იდგეს, ვართ ასე არხეინად, გამაოგნებელია ის არხეინობა, რაც ჩვენ გვჭირს. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, თუ გვინდა მშვიდობა და თუ ომი არ გვინდა, ომისთვის უნდა მოვემზადოთ, ეს კაცობრიობის ისტორიის ანბანური ჭეშმარიტებაა ,,თუ გინდა მშვიდობა, ემზადე ომისთვის“. ამაზე ყველა უნდა ვსაუბრობდეთ" _ აღნიშნავს ელისაშვილი.
როგორც დეპუტატი აღნიშნავს, საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული და დისციპლინირებული არმია ჰყავს, რომელსაც მისი რელიეფისა და ჯარის კვალიფიციურობიდან გამომდინარე, ბევრი არმიის დამარცხება შეუძლია.
,,ჩვენ თუ ვართ სახელმწიფო, უნდა მოვემზადოთ სამხედრო საფრთხისთვის, ღმერთმა ქნას, ასეთი საფრთხე არ დაგვიდგეს, მაგრამ ასეთი არხეინობა არ შეიძლება. ვიღაცა ცდილობს რუსეთი არ გააღიზიანოს, ვიღაცას უბრალოდ ეზარება, ვიღაცას არ სჯერა, რომ საქართველოს შეუძლია ვინმეს წინააღმდეგობა გაუწიოს და ამას საჯაროდაც აცხადებენ, მაცოფებს ეს უსუსურობის განცდის დამკვიდრება. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული მხარდამჭერი, ჩვენი რელიეფი, უკრაინას რომ ქონდეს ასეთი რელიეფი, ორ კვირაში რუსეთს წელში გაწყვეტდა, ჩვენ გვყავს ასევე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოდ მომზადებული და დისციპლინირებული არმია, ჩვენი ერთადერთი პრობლემა ისაა, რომ არ გვჯერა ჩვენი არმიის, არ ვემზადებით ომისთვის და ცოტა იარაღი გვაქვს. როგორც ჩანს, ,,ქართულ ოცნებაში“ ძალიან ბევრს არ სჯერა, რომ ჩვენს შეიარაღებულ ძალებს წინააღმდეგობის გაწევა შეუძლია. ჩვენი რელიეფის და ჩვენი ჯარის კვალიფიციურობიდან გამომდინარე, ამ სივრცეში ძალიან ბევრი არმიის დამარცხება შეგვიძლია. ახლა ლენდ ლიზმა გააჩინა შესაძლებლობა, რომ მარტივად მოგვაწოდონ შეიარაღება, მაგრამ ჩვენ არხეინად ვართ
ჩვენი ქვეყნის სიფრთხილე გასაგებია, არ უნდათ პირდაპირ რუსეთს შეასკდნენ, გასაგებია, მაგრამ ეს უკვე სიფრთხილეც აღარ არის, სირცხვილისგან ვიწვი, როცა მარია ზახაროვა და მარგარიტა სიმონიანი გვაქებენ“ _ აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
ამ საკითხთან დაკავშირებით ალეკო ელისაშვილმა დღეს პარლამენტში, პლენარულ სხდომაზეც ისაუბრა.