ნიკა მელიას განცხადებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში ხმები „მალულად გადათვალეს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ პირველივე ტურში გამარჯვებული მაჟორიტარი დამარცხებულად გამოაცხადეს.
ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ვიდეო-მიმართვისას განაცხადა.
„სანამ ჩვენ ყველას გვეძინა, მოხდა შემდეგი რამ: მთელმა საქართველომ იცის, რომ პირველ ტურში, ზუგდიდში ოპოზიციამ დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა და საკრებულო თავიდან ბოლომდე დააკომპლექტა ოპოზიციამ, კერძოდ, „ნაციონალურმა მოძრაობამ“. „ნაცმოძრაობას“ ჰქონდა უმრავლესობა და ამ წუთის მონაცემებითაც აქვს. მაგრამ გუშინ ღამე „ქართული ოცნება“ ზუგდიდის საოლქო საარჩევნო კომისიაში შეიკრიბა. სრულიად უკანონოდ გადათვალეს ხმები - ქურდულად, საარჩევნო „ზონდერებმა“. პირველ ტურშივე გამარჯვებულ ჩვენს ერთ-ერთ მაჟორიტარს, ხმების გადათვლის შემდეგ პირველ ტურში მარცხი ჩაუთვალეს. „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, რომელმაც პირველივე ტურში გაიმარჯვა, „ქართულმა ოცნებამ“ ხმის გადათვლის შემდეგ დამარცხებულად გამოაცხადა. არჩევნები როგორ ჩატარდა, ჩემზე კარგად იცით, განსაკუთრებით ზუგდიდში, შანტაჟით, მუქარით, მოსყიდვით, უკანონო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებით, მოკრიმინალო ელემენტების ჩართულობით, რომლებიც სუს-თან არიან დაკავშირებულები, ამ პირობებშიც „ქართულმა ოცნებამ“ ზუგდიდში არჩევნები პირწმინდად წააგო. ამის შემდეგ იმ დღესვე გადათვალეს ხმები, მაგრამ ვერაფერს გახდნენ და 5 დღის შემდეგ მალულად, ღამე, სანამ გვეძინა, გადათვალეს ხმები და ოპოზიცია დამარცხებულად გამოაცხადეს“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მთავარი ფოტო: primetime.ge