პრემიერ-მინისტრმა ზუგდიდში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატად მამუკა წოწერია წარადგინა. სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ღარიბაშვილმა 2012 წლის არჩევნები გაიხსენა.
„2012 წლის 1-ლი ოქტომბერი მართლაც ისტორიული გამარჯვება იყო და ეს გამარჯვება ეკუთვნის თითოეულ მოქალაქეს. ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი პარტიის დამფუძნებლის - ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება და თავგანწირვა ჩვენი ქვეყნისთვის. სიტყვა თავდადება მე შემთხვევით არ მიხსენებია, ვინაიდან სწორედ ჩვენი პარტიის დამფუძნებლის პოლიტიკა იყო, არის და იქნება დაფუძნებული თავდადებაზე, ერთგულებასა და ღირსებაზე. სწორედ ამ პრინციპებით შეიქმნა და დაფუძნდა ჩვენი დიდი პარტია, „ქართული ოცნება“, რომელიც ღირსეულად და დამაჯერებლად იმარჯვებს ყველა არჩევნებში. ჩვენ 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ და ჩვენმა მოსახლეობამ გადმოგვცა მანდატი იმისთვის, რომ ვმართოთ ჩვენი ქვეყანა და ავიღოთ პასუხისმგებლობა თითოეული მოქალაქის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ჩვენ ოქტომბერში, სულ რაღაც 1 თვეში, გვექნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები. 2 ოქტომბერს, ჩვენმა მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უნდა გააკეთონ ღირსეული არჩევანი, ჩვენი მოქალაქეების ღირსეული მომავლისთვის. ვინ, თუ არა ზუგდიდელებმა და მეგრელებმა, ძალიან კარგად იციან სიკეთის და ბოროტების, თეთრის და შავის გარჩევა. მე ღრმად ვარ დარწმუნებული, ზუგდიდი კიდევ ერთხელ გააკეთებს სწორ და ღირსეულ არჩევანს და „ქართული ოცნება“ ამ ქალაქში აუცილებლად დამაჯერებლად გაიმარჯვებს“ - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მთავარი ფოტო: metronome.ge