ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად. "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერი, ზურა ჯაფარიძე ,,ქართული ოცნების“ მიერ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასვლას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს, რომ პარლამენტს ტოვებს.
,,ოცნება გავიდა 19 აპრილის შეთანხმებიდან
გავიდა მხოლოდ ერთი მიზეზის გამო - დაინახა რომ 43%-ის აღების ნული შანსი აქვთ
გავიდა მას შემდეგ რაც დაარღვია ამ შეთანხმების პრაქტიკულად ყველა პუნქტი
დაარღვია მიუხედავად იმისა რომ მარკერით უხაზავდნენ რა უნდა გაეკეთებინათ ჩვენი დასავლელი პარტნიორები
გავიდა ამ დოკუმენტის ავტორის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტიდან 1 კვირის თავზე
აპელირება იმაზე რომ ნაციონალური მოძრაობა არ შეუერთდა შეთანხმებას, არის თითიდან გამოწოვილი ბოდვა
ეს შეთანხმება არ დადებულა ნაციონალური მოძრაობისთვის
ამ შეთანხმების შესრულება ქვეყნისთვის იყო მნიშვნელოვანი - ნუ, ასე თვლიდნენ ამერიკელები და ევროპელები
ამ შეთანხმებიდან გასვლა ნიშნავს უარს ამ ქვეყნის ევრო-ატლანტიურ მომავალზე
კიდევ ერთხელ დადასტურდა რომ ესენი არიან მატყუარები
ესენი არიან გადამგდებები
მათთან რამეზე შეთანხმებას არ გააჩნია რაიმე ფასი
ზუსტად ისე როგორც კრემლთან
მე ვტოვებ პარლამენტს - პარლამენტში ყოფნა იყო 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელმოწერით ჩემს მიერ აღებული ვალდებულება
არ არსებობს შეთანხმება, არ არსებობს ვალდებულება
იზოლაციიდან გამოსვლის შემდეგ კიდევ ერთხელ ოფიციალურად მივმართავ პარლამენტს
თუ ვინმე კიდევ ვერ აცნობიერებთ რა ხდება - ასე მყარდება დიქტატურა, ნელა და თავხედურად
როგორ არ დავუშვათ ეს - ეს უნდა იყოს ერთადერთი საფიქრალი დღეს ნებისმიერი წესიერი ადამიანისთვის“ _ წერს ზურა ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, დღეს ,,ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეათანხმება ანულირებულად გამოაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ განმარტა, 19 აპრილის შეთანხმებამ 100 დღის თავზე თავისი მისია შეასრულა და საკუთარი თავი ამოწურა. მისი თქმით, „ქართული ოცნებისთვის“ შეთანხმების ცალმხრივი ერთგულება შეურაცხმყოფელია. ამ გადაწყვეტილებით მმართველმა გუნდმა უარი თქვა დოკუმენტში გაწერილ ვალდებულებაზე - არჩევნებში 43%-ის ვერაღების შემთხვევაში, რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნა მათ კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.