ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულების საქმის მოსამართლემ, გიორგი კერატიშვილმა ადვოკატების შუამდგომლობა დაკავებულების თავდებობით გათავისუფლებასთან დაკავშირებით არ დააკმაყოფილა. მოსამართლის განმარტებით, როცა აღკვეთის ღონისძიება იხილება, სასამართლო დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით აფასებს ფაქტობრივ საფუძვლებს.
კერატიშვილმა განაცხადა, რომ მას დაცვის მხარისგან რაიმე წონადი არგუმენტი არ მოუსმენია, რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით გააბათილებდა ქმედებების შესაძლო ჩადენას. მისი თქმით, თავდებში მყოფი პირები სანდო ურთიერთობაში უნდა იყვნენ ბრალდებულებთან და უნდა იცნობდნენ მათ. გარდა ამისა, პირადი თავდები პირი აბსტრაქტული განცხადებებით არ უნდა შემოიფარგლოს სასამართლოს წინაშე. ვერც ერთმა მათგანმა სასამართლოს ვერ დაუსაბუთა რა ქმედებების განხორციელებით აპირებს ბრალდებულთა სათანადო ქცევის გაკონტროლებას. ამიტომ, მოსამართლემ მიიჩნია, რომ ბრალდებულთა მხრიდან დანაშაულებრივი ქმედების გაგრძელების მაღალი რისკი არსებობს.
შესაბამისად, მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.
მთავარი ფოტო: paqtebi.ge