დღეს საქართველოს თავდაცვის ძალების დაარსებიდან 30 წლის იუბილე აღინიშნება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ღონისძიება ვაზიანის მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ბაზაზე ჩატარდა. სიტყვით გამოვიდნენ თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.
სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთში მყოფი ყოფილი სამხედრო მოსამსახურე ზაურ კომახიძე და ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, სერ სტიუარტ პიჩი დააჯილდოვა.
საზეიმო ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ სტუმრებმა ქართული წარმოების ჯავშანტრანსპორტიორები - დიდგორი-3, დიდგორი მედევაკი და დიდგორი მეომარი, ასევე თავდაცვის ძალების შეიარაღებაში არსებული სხვადასხვა დანიშნულების სამხედრო მანქანები და საარტილერიო დანადგარები დაათვალიერეს.
მთავარი ფოტო: თავდაცვის სამინისტრო