გოგა ხაინდრავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ საქართველოში კლასიკური გაგებით პოლიტიკური კრიზისი არ ყოფილა, რადგან კრიზისი დამთავრებულად გამოცხადდა და რეალურად არაფერი შეცვლილა.
მისი თქმით, საქართველოში სიტუაციის არევა მხოლოდ რუსეთს აწყობს და ასევე, მეხუთე კოლონას ნათელაშვილისა და სააკაშვილის მეთაურობით.
„მთელი მსოფლიო, ევროკავშირი, ყველა ცდილობს, რომ რუსეთის ჯარი უკრაინის საზღვრებიდან გაიყვანოს, ამაზე იხარჯება მთელი ენერგია და ამ დროს, ქართული პოლიტიკური წრეები ცდილობენ, მელია გამოიყვანონ ციხიდან. ეს არის რელობა, სრული აბსურდი. მძევლად ჰყავთ აყვანილი საზოგადოება. საინფორმაციო სივრცე არის დაბინძურებული. ამის მაგალითია ის, რისი მოწმენიც გუშინ გავხდით „ტვ პირველის“ ეთერში. ამ ტელევიზიას მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აფინანსებენ, ახლა ისინი არიან ბრიუსელში, თითქოს ევროკავშირთან ურთიერთობს ალაგებენ, ამ დროს კი მთელი ძალისხმევა მიმართულია, რათა ერთი გაჯიუტებული დამნაშავე ციხიდან გამოიყვანონ. მიდის უკიდეგანო ლანძღვა-გინება ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის. ეს არის ამ ქვეყნის მტრობა, რუსული ჰიბრიდული ომის მკაფიო მაგალითი. ქართული საზოგადოების სახელით, მინდა, ბოდიში მოვუხადო მას და დავარწმუნო, რომ ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი დიდი პატივისცემითა და მადლიერებითაა განმსჭვალული მისდამი.
ამ ქვეყნის არევა აწყობს მხოლოდ ერთადერთ სახელმწიფოს, ეს არის რუსეთი და საქართველოში მეხუთე კოლონას, შალვა ნათელაშვილის, სააკაშვილისა და ბიძამისის მეთაურობით, ცდილობენ, რომ ეს ქვეყანა არიონ“ - განაცხადა გოგა ხაინდრავამ.
მთავარი ფოტო: multimedia.ge