ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 აპრილს გაიმართება. ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ე.წ. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა.
„სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის დღევანდელ სხდომაზე განვიხილეთ რამდენიმე თარიღი. არჩევნების თარიღად ხმათა უმრავლესობით 28 აპრილი დაინიშნა" _ განაცხადეს ე.წ. ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.
ე. წ. საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას 5 კანდიდატი იღებდა. დათვლის შედეგად მათ შორის ხმები ასე გადანაწილდა:
1. კგბ-ს ყოფილი ოფიცერი და პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი - 36,9%;
2. მოქმედი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი - 33,5% ;
3. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრ პლიევი - 11,9%;
4. დეპუტატი გარი მულდაროვი - 8,9%;
5. პარლამენტის ყოფილი დეპუტატი დიმიტრი ტასოევი - 2,8%.
ცენტრალური საარჩევნო კომისია სამხრეთ ოსეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ორ რეგისტრირებულ კანდიდატს, ალან გაგლოევსა და ანატოლი ბიბილოვს დაუშვებს, რომლებმაც ყველაზე მეტი ხმა მიიღეს.