„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი, პაატა მანჯგალაძე, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილს მიმართავს. მანჯგალაძის თქმით,
ხელისუფლების ქმედებებმა ცხადყო, რომ მის წინააღმდეგ არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორება ხორციელდება.
„მგონი, პოლიტიკოსებმა არ უნდა გადაწყვიტონ მისი გადაყვანის საკითხი, ეს უნდა გადაწყვიტოს ექიმების კონსილიუმმა ფართო ჩართულობითა და გამჭვირვალე პროცესით, ეს არ უნდა იყოს დახურული პროცესი. ვფიქრობ, ადამიანის ჯანმრთელობა, უსაფრთხოება და სიცოცხლე ბევრად უფრო ღირებულია, ვიდრე ის მიზნები, რაც პატიმრობაში ადამიანის ყოფნას აქვს. ამიტომ, ყველა ფრთხილად უნდა ვიყოთ ამ მიმართულებით, თუმცა ხელისუფლების ბოლო ქმედებები კიდევ უფრო ამყარებს ეჭვს, რომ მის მიმართ ხორციელდება არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური ანგარიშსწორება. ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ იმაში, რომ ამ ახალი წლის მანძილზე გორის ჰოსპიტალში ყოფილიყო და ამის გამო დიდი აურზაური არ აგვეტეხა. ასევე, მინდა მივმართო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელიც გამოვიდა ძალიან კარგი იდეით სახელმწიფოსთვის, რომ ჩვენ თანხმობისკენ გზა უნდა ვიპოვოთ. ამის პირველი მაგალითი უნდა მისცეს თავად სალომე ზურაბიშვილმა, უნდა დაივიწყოს წარსულში არსებული ყველა წყენა სააკაშვილთან დაკავშირებით. არ ვამბობ, რომ საპატიმროში უნდა მივიდეს, მაგრამ ელემენტარულად რომ უნდა მოიკითხოს ადვოკატებთან, ექიმებთან მისი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და ერთი განცხადება გააკეთოს, ამას პრეზიდენტი სააკაშვილი ნამდვილად იმსახურებს, თუნდაც კოლეგიალობიდან გამომდინარე“ - განაცხადა მანჯგალაძემ.
მთავარი ფოტო: imedinews.ge